Back „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ - საინფორმაციო კამპანია მონაწილეობითი დემოკრატიის ხელშესაწყობად

„შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ - საინფორმაციო კამპანია მონაწილეობითი დემოკრატიის ხელშესაწყობად

18 თებერვალს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიხსნა კამპანია, სახელწოდებით „შეცვალე სცენარი- შეასრულე შენი როლი“. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო მონაწილეობას და წაახალისოს მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კამპანიის ფარგლებში, წლის მანძილზე დაგეგმილია ვიზიტები 15 საპილოტე მუნიციპალიტეტში: თბილისში, მარნეულში, ახმეტაში, ამბროლაურში, ბოლნისში, ბორჯომში, ჩოხატაურში, გორში, ონში, ოზურგეთში, თელავში, თეთრიწყაროში, წყალტუბოში, ზესტაფონსა და რუსთავში.  

ამ ინიციატივით, ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი კულტურის გაძლიერებას და წაახალისებს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კამპანია ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეებისა და ადგილობრივი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და ამასთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ინიციატივა მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, დაინტერესებული მოქალაქეები, რომლებსაც ღონისძიების განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ინტერაქტიულ პერფორმანსში, სადაც მონაწილეებს არ ჰქონდათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ემოქმედათ და გაეუმჯობესებინათ გარემო. პერფორმანსმა აჩვენა, რომ მცირე ინიციატივებსაც კი შეუძლია საზოგადოებისთვის სასიკეთო მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს.

გარდა პერფორმანსისა, ღონისძიების სპიკერებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვეს მათმა ინიციატივებმა საზოგადოების მხარდაჭერა  და მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მიაღწიეს მნიშვნელოვან ცვლილებებს. თინათინ მაღედანმა ისაუბრა მოძრაობა „გავიგუდეთ“  გამოცდილებაზე, თუ როგორ გააერთიანა ინდივიდუალურმა ინიციატივამ რუსთავის მაცხოვრებლები და როგორ დაიწყო რუსთავის მოსახლეობამ ჰაერის დაბინძურების საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენების ადვოკატირება.

კიდევ ერთმა მომხსენებელმა, ნანა ბაგალიშვილმა, ისაუბრა მისი ინდივიდუალური ძალისხმევისა და კოლექტიური ჩართულობის ძალაზე, რის შედეგადაც ქალაქ წნორში შეიქმნა „ცოდნის კაფე“- საზოგადოებრივი სივრცე განათლების ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.   

მესამე მომხსენებელმა, მარიამ მჭედლიშვილმა მონაწილეებს გააცნო პროექტ “ჩართეს” ინიციატივა, რომელიც არის მაგალითი საერთო ძალისხმევით შექმნილი სიკეთისა- უფასო წვდომა ინტერნეტზე საქართველოს სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ღონისძიებას უძღვებოდა ტელეწამყვანი და მუსიკოსი - მებო ნუცუბიძე.  გახსნითი ღონისძიების შემდეგ, მარტსა და აპრილში დაგეგმილია კამპანიის რეგიონული ღონისძიებები გორში, ბორჯომში, ონსა და ამბროლაურში. კამპანია გაგრძელდება 2023 წლის ოქტომბრამდე.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

18 თებერვალი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page