Back საქართველოში იმატებს რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ პირების დისკრიმინაცია, სამართალდამცავთა რეაგირება უკმარია, - აცხადებს ევროპის საბჭოს კომისია რასიზმის წინააღმდეგ

საქართველოში იმატებს რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ პირების დისკრიმინაცია, სამართალდამცავთა რეაგირება უკმარია, - აცხადებს ევროპის საბჭოს კომისია რასიზმის წინააღმდეგ

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) დღეს გამოაქვეყნა მისი მეოთხე ანგარიში საქართველოზე, რომელშიც გაანალიზებულია არსებული ვითარება და გადაუჭრელი საკითხები, ასევე მოცემულია რეკომენდაციები ხელისუფლებიადმი. საქართველოს მთავრობის მოსაზრებები გამოქვეყნდა ანგარიშთან ერთად.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ანტიდისკრიმანაციული პოლიტიკისა და კანონმდებლობის კუთხით, სიძულვილის ენა და ძალადობა ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის, ასევე ლგბტ პირების მიმართ ბოლო წლებში გაიზარდა, ხოლო ხელისუფლების პასუხი არ აღმოჩნდა საკმარისი“, - აცხადებს კრისტიან ალუნდი, ECRI-ის ხელმძღვანელი.

სიძულვილის ენის გამოყენება და ფიზიკური თავდასხმები ზოგიერთ უმცირესობაზე, მაგალითად, მუსლიმებზე, მატულობს. ქართულ საზოგადოებაში, ზოგადად, არის ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ამბობს: „შეუწყნარებლობა და ლგბტ პირთა თუ უმცირესობათა დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. მართლმსაჯულებასა და სამართალდამცველ ორგანოებს საკვანძო მნიშვნელობა აქვთ ამ თვალსაზრისით. არსებითია იმის უზრუნველყოფა, რომ ძალადობის შემთხვევაში გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის საგანი იმთავითვე გახდეს პოტენციური რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური მოტივაცია“.

ანგარიში მიესალმება რიგ პოზიტიურ ცვლილებებს, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსის დამატება, რომელიც რასისტულ მოტივაციას დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს; 2014 წელს კანონის მიღებას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიღებას სგანგებო აქცენტებით რელიგიის თავისუფლებასა და უმცირესობათა დაცვაზე; ასევე სხვა სახის ეროვნული პოლიტიკის გატარებას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

თუმცა, საქართველოში კრიმინალიზებული არ არის რასიზმის გამოვლენისა და მხარდაჭერის ყველა ფორმა. ასევე არ არსებობს კანონმდებლობა, რომლითაც შეიზღუდება რასისტული პოლიტიკური პარტიების თუ ორგანიზაციების დაფინანსება, აიკრძალება ან გაუქმდება ისინი. ასევე შეუძლებელია სასამართლო განხილვის დაწყება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, თუ არ არსებობს კონკრეტული მსხვერპლი.

ხელისუფლების პასუხები არ გამოდგა ადეკვატური, - აღნიშნულია ანგარიშში, - არ არსებობს ქმედითი სისტემა სიძულვილის ენის მონიტორინგისათვის. მედიასა და პოლიტიკურ დისკურსებში უფრო მეტად ისმის არაშემწყნარებული კომენტარები, განსაკუთრებით, ისლამოფობური და ჰომოფობიური შინაარსის, - შენიშნავს ECRI. წინა ანგარიშის შემდეგ სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა სიძულვილის ენის გამოვლენის არცერთ შემთხვევაზე სამართლებრივი ბაზის არარსებობის გამო. გამოძიება იწყებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ერთვებოდა ძალადობის მუქარა.

რელიგიური შეუწყნარებლობის გამო თავდასხმების ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია სათანადოდ არ იცავდა უმცირესობათა უფლებებს. ანალოგიურად, საკმარისად არ იცავდნენ ლგბტ ორგანიზაციების უფლებას, გაემართათ მშვიდობიანი საჯარო შეკრებები.

ინტეგრაციის სფეროში, საკმარისი არ იყო მიღებული ზომები უმცირესობათა განათლების გასაუმჯობესებლად და ისტორიულად ეთნიკურ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური გარიყულობის შესამცირებლად: გასაუმჯობესებელია სახელმძღვანელოები, ხოლო მასწავლებლები დამატებით გადამზადებას საჭიროებენ.

ECRI-მ რამდენიმე რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას. ქვემოთ მოყვანილი ორი რეკომენდაცია დაუყოვნებელ განხორციელებას საჭიროებს და ამას ECRI ორი წლის შემდეგ განიხილავს:

- პოლიციაში საგანგებო განყოფილების შექმნა, რომელიც კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს;
- რელიგიათა საბჭოს მხარდაჭერის გაფართოება, განსაკუთრებით, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან, რომელმაც უნდა გამოიყენოს საბჭოს ექსპერტიზა რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემასთან გასამკლავებლად.

ანგარიში, მთავრობის მოსაზრებებთან ერთად, შეგიძლიათ იხილოთ აქ. ანგარიში მოამზადა ECRI-მ საქართველოში 2015 წლის მარტის ვიზიტის შემდეგ [პრეს რელიზი] და მასში გათვალისწინებულია მოვლენები 2015 წლის 17 ივნისამდე.

სტრასბურგი, 2016 წლის 1 მარტი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge