Back საქართველოში შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები მზად არიან დაიწყონ ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

საქართველოში შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები მზად არიან დაიწყონ ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა

ევროპის საბჭომ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსთან თანამშრომლობით, გამართა სამდღიანი ტრენინგი „ეროვნული ანტი-კორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება და იმპლემენტაცია“,  რომელიც მიზნად ისახავდა მხარი დაუჭიროს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს იმ ცოდნისა და პროფესიული უნარების გაღრმავებაში, რაც საჭიროა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის.

 „საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ“ კანონში 2021 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული საბჭო სამდივნოს დახმარებით წარმოადგენს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების, მისი იმპლემენტაციის კოორდინირებისა და შედეგების მონიტორინგზე პასუხიმგებელ ორგანოს. საბჭოს კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება მონიტორინგის საერთაშორისო ორგანოების მიერ საქართველოს კორუფციული ჩარჩოს გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შესრულება.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ შექმნისთანავე დაიწყო მომზადება ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელიც შეცვლის 2019-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. შესაბამისად, პროექტმა სამდივნოსთან ერთად დაიწყო საკუთარი კადრებსა და ანტიკორუფციული პოლიტიკის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფების წევრებთან მუშაობა მათი შესაბამისი ცოდნით აღჭურვის მიზნით.

ტრენინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს ორი საერთაშორისო ექსპერტი, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება საკუთარ ქვეყნებში ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით. ადგილობრივი ანტიკორუფციული პოლიტიკის, ისევე როგორც  ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, აღსრულებისა და შეფასების ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაგების მიზნით შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ადგილობრივი კონსულტანტი.  

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ შესაბამისი ინსტიტუტებიდან მიღებული  მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის  ტექნიკას, საჭიროებების გამოვლენის მიზნით ანტიკორუფციული ინფორმაციის შეფასების მეთოდებს, სტრატეგიის წერის, ასევე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შესრულების მონიტორინგის პროცესს.

შეხვედრის მესამე დღე დაეთმო ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და მონიტორინგის პრაქტიკული სავარჯიშოს. მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს თითოეული პარტნიორი ინსტიტუტის როლი და მათ შორის კოორდინაციის მნიშვნელობა.

აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ადრეული შემუშავების ეტაპზე, რომელიც გადამწყვეტი იქნება საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრაში და პრიორიტეტულად დაადგენს მომავალში განსახორციელებელ ზომებს.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში.

10-12 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page