Back საქართველოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან“ და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს

საქართველოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან“ და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს

დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც „სერიოზულ ეჭვს ბადებს“ ქვეყნის საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მზადყოფნის თაობაზე.  

ასამბლეა მიიჩნევს რომ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" „შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან“ და „დაუყოვნებლივ სრულად უნდა გაუქმდეს“. ასამბლეა ასევე დასძენს რომ ამ კანონის მიღების წესი არ არის იზოლირებული მოვლენა, ”არამედ მთელი რიგი მოვლენების კულმინაციაა, რაც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე - ტენდენციაზე რომელიც უნდა შეიცვალოს“.

ასამბლეამ რეზოლუცია საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე PACE-ის თანამომხსენებლების, კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ანგარიშის საფუძველზე მიიღო.

ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ და არაპროპორციულ გამოყენებაზე, ასევე დემონსტრანტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმების და მათ წინააღმდეგ წარმოებული დაშინების კამპანიების თაობაზე. ასამბლეამ ხელისუფლებას მოუწოდა დაიცვას ყველა დემონსტრანტის უსაფრთხოება.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს ასამბლეის შეშფოთებას არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების შეტანის თაობაზე - მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების. საპარლამენტო ასამბლეის წევრების თანახმად საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ დაინტერესებული მხარეების ნდობაზე.“ რეზოლუცია ასევე ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიმდინარე კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

ასამბლეამ დიდი იმედი გამოთქვა რომ საქართველო მოახდენს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და შემდგომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასამბლეამ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობისა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისადმი მზადყოფნა, საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო სექტორთან, რათა „შეაჩეროს ბოლოდროინდელი უკუსვლა და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.“

 

 რეზოლუცია

 დებატების ვიდეო ჩანაწერი

სტრასბურგი, საფრანგეთი 27 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge