მიმდინარე წლის 12 აპრილიდან 7 ივნისამდე პერიოდში შეხვედრათა ციკლი გაიმართა, გარე სუპერვიზიის გზით სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და მათი ზედამხედველების პროფესიული მხარდაჭერის მიზნით..
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები გამართა სამივე უწყების ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან და მათ ზედამხედველებთან. შეხვედრებზე სპეციალისტებს საშუალება მიეცათ განეხილათ კონკრეტული შემთხვევები და მიეღოთ კონსულტანტის უკუკავშირი, ასევე მუშაობის პროცესში ემსჯელათ სხვადასხვა პრაქტიკულ მიდგომებსა და მეთოდებზე.
გარე სუპერვიზიის შეხვედრები მიზნად ისახავდა სპეციალისტების მეტად გაძლიერებას, განსაკუთრებით რთული შემთხვევების მართვისას მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით.
გარე სუპერვიზიის შეხვედრათა ციკლი ევროპის საბჭოს პროექტის ’’პენიტენციური სისტემების რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, პომპიდუ ჯგუფის კომპონენტის ქვეშ გაიმართა. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.