მიღწევები
სიკვდილით დასჯის გაუქმება
ევროპის საბჭომ წამყვანი როლი შეასრულა სასჯელის უკიდურესი ზომის გაუქმებისთვის ბრძოლაში, რადგან მიაჩნდა, რომ მისი ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. 1983 წლის აპრილში ევროპის საბჭომ მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №6 ოქმი, რომლის ძალითაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამას მოჰყვა 2002 წლის მაისში №13 ოქმის მიღებაც, რომელიც კრძალავს სიკვდილით დასჯას, ნებისმიერ გარემოებათა მიუხედავად.
სიკვდილით დასჯის გაუქმება ევროპის საბჭომ დათქვა, როგორც აუცილებელი წინაპირობა ორგანიზაციასთან მიერთებისათვის. 1997 წლის შემდეგ ორგანიზაციის 46 წევრ სახელმწიფოში არავინ დაუსჯიათ სიკვდილით.
ადამიანის უფლებათა გაძლიერება
თითოეული ქვეყანა, რომელიც უერთდება ევროპის საბჭოს, თანახმაა მასში დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებაზე, რითაც შეფასდება შესაბამისობა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ პრაქტიკასთან.
მონიტორინგის ერთ-ერთი ორგანოა ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც წინასწარი გაფრთხილების გარეშე რეგულარულ ვიზიტებს ახორციელებს დაკავების ადგილებში (ციხეებში, პოლიციის განყოფილებებში, უცხოელთა განთავსების ცენტრებში) ყველა წევრი სახელმწიფოს მასშტაბით, რათა შეაფასოს, როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს.
სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი, თავის მხრივ, აკვირდება, რამდენად არის დაცული ევროპის სოციალური ქარტიით გარანტირებული დასახლების, განათლების, დასაქმებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები.
კიდევ ერთი ორგანო - სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) – გამოავლენს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაკლოვანებებს და სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაატარონ აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური თუ ადმინისტრაციული რეფორმები. მათი შეფასება ეფუძნება ევროპის საბჭოს შესაბამის კონვენციებს.
დისკრიმინაციის აკრძალვა და რასიზმთან ბრძოლა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას ნებისმიერი საფუძვლით. ევროპის საბჭო სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს უმცირესობათა დასაცავად, მათ შორის, ევროპის ყველაზე დიდი უმცირესობის - ბოშების - უფლებებისთვის.
მაგალითად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის ინიციატივით შეიქმნა ქალაქებისა და რეგიონების ევროპული ალიანსი ბოშების ჩართულობისთვის. ალიანსის საქმიანობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია პროექტი „Romact”, რომელიც ევროკავშირთან ერთად ხორციელდება.
თავის მხრივ, ამ კონკრეტულ პრობლემებს აანალიზებს და წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ რეკომენდაციებს აძლევს ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.
ევროპის საბჭო აგრეთვე წამყვან როლს ასრულებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლაში.
და ბოლოს, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმებს, რითაც ფასდება და უმჯობესდება უმცირესობათა დაცვა შესაბამის ქვეყნებში.
ქალაქებისა და რეგიონების ევროპული ალიანსი ბოშების ჩართულობისთვის
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ
გამოხატვის თვისუფლების დაცვა
გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი, პლურალისტული მედიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი დემოკრატია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი პრესას განსაკუთრებით ფართომასშტაბიან დაცვას სთავაზობს, მით უფრო, როცა საქმე ეხება ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობას. სასამართლოს აზრით, თუ წყარო არ იქნება დაცული, ეს შეზღუდავს მის შესაძლებლობებს, დაეხმარნონ პრესას საზოგადოებისთვის საჯარო ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებაში.
გამოხატვის თავისუფლების უფლება ასევე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის გავრცელების ახალ ფორმებზე, მათ შორის, ინტერნეტზე. ევროპის საბჭო მუდმივად აქტიურია ამ უფლების დაცვაში და ითვალისწინებს ნებისმიერ სიახლეს. იგი ეხმარება წევრ სახელმწიფოებს კანონმდებლობისა და გამოხატვის თუ პრესის თავისუფლების კუთხით პოლიტიკის გაუმჯობესებაში. მედიის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის ასევე ეწყობა ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები.
გენდერული თანასწორობა
მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის სფეროში დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ქვეყნების ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა. ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტრუმენტების მიზანია, წინ აღუდგეს ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და წინ წამოწიოს ქალთა როლი საზოგადოებაში.
ევროპული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ - რაც ამ სფეროში წინ გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ეფუძნება წინაპირობას, რომ ამგვარი ძალადობის ძირფესვიანად აღმოფხვრა შეუძლებელია, თუ არ მიიღწევა მეტი თანასწორობა ქალთა და მამაკაცთა შორის.
ბავშვთა უფლებების დაცვა
ბავშვები არიან მოწყვლადნი და უფროსებზე დამოკიდებულნი თავიანთ საჭიროებათა უმეტესობის კუთხით. ევროპის საბჭოს ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამის მიზანია მათი უფლებების დაცვა, მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობის პრევენცია, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა და ბავშვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მათივე თანამონაწილეობის ხელშეწყობა.
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის ევროპის საბჭოს კონვენცია პირველი ინსტრუმენტია, რომელმაც მოახდინა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის კრიმინალიზაცია, მათ შორის, შინ და ოჯახში. კონვენცია ძალაში შევიდა 2010 წლის 1 ივლისს.
ამას გარდა, ევროპის საბჭომ შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები ბავშვებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
კულტურული მრავალფეროვნების დაცვა
„თეთრი წიგნი კულტურათაშორის დიალოგზე“ 2008 წელს მიიღეს, რის კვალადაც ევროპის საბჭომ დაიწყო რამდენიმე პროგრამა მასწავლებელთა განათლებისთვის, უმცირესობათა დაცვისა და სოციალური ერთობისათვის, ამასთან, რელიგიურ გაერთიანებებსა და არარელიგიური რწმენის წარმომადგენლებთან დიალოგისთვის. ქალაქების კულტურათაშორისი ქსელი ეხმარება წევრ ქალაქებს, გაუმკლავდნენ კულტურულ მრავალფეროვნებას, ასევე წაახალისებს ჰეტეროგენული ჯგუფების შერევასა და ურთიერთობას საჯარო ადგილებში, რათა ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას. იგი იმუშავებს კულტურულ კონფლიქტთა გადაჭრის საშუალებებს.
კულტურათაშორისი ურთიერთგაგების ხელშესაწყობად, ევროპის საბჭო ამზადებს პროგრამებს და მიმართავს სხვადასხვა საშუალებას ენების სწავლების გასაუმჯობესებლად.
არჩევნებზე დაკვირვება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ზოგიერთი სხვა ევროპული ინტიტუტი, როგორიცაა მაგალითად ეუთო, ეხმარებიან მთელი კონტინენტის ქვეყნებს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, თავიანთი საკონსულტაციო და სადამკვირვებლო საქმიანობით.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების კონგრესი პერიოდულად აკვირდება ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებს ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოში. მათი სადამკვირვებლო მისია ფარავს მთელ საარჩევნო პროცესს და, ამავდროულად, ავსებს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის მონიტორინგის პროცესს.
გარდა ამისა, არჩევნების სათანადოდ ჩატარების გასაუმჯობესებლად, ევროპის საბჭო ახორციელებს პროგრამებს, რათა ხელი შეუწყოს საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ რეფორმას, საარჩევნო სიების შედგენას და ადგილობრივი დამკვირვებლების თუ საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს.
განათლება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაში
დემოკრატია მოიცავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხალხის მონაწილეობასაც, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის კონტექსტში. ევროპის საბჭო ავითარებს სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად. ამ ღირებულებათა პრაქტიკაში განხორციელებას გვასწავლის ევროპის საბჭოს „ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ“.
ევროპის საბჭოს ევროპულ ახალგაზრდულ ცენტრებში სტრასბურგსა და ბუდაპეშტში ყოველწლიურად 5000-ზე მეტი ახალგაზრდა ლიდერი გადის ტრენინგს. ამ კურსებს კასკადური ტრენინგების ეფექტი აქვს, რამდენადაც ახალგაზრდა ლიდერები მიღებულ ცოდნას თავიანთი ასოციაციების წევრებს გადასცემენ. ევროპული ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები 15,000-ზე მეტ ახალგაზრდას ეხმარება ურთიერთგაგების, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის განვითარებაში.
მედიკამენტების ხარისხი და ჯანმრთელობის დაცვა
ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორატის (EDQM) მისიაა ადამიანის იმ ძირითადი უფლების დაცვა, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებებსა და ჯანდაცვაზე წვდომას. დირექტორატის მისიაში შედის ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა.
დირექტორატის კომპეტენციაში შედის კონკრეტული სფეროები, როგორებიცაა სამედიცინო პრეპარატები, სისხლის გადასხმა, ტრანსპლანტაცია, კოსმეტიკის სფერო და ის მასალები, რომლებსაც შეხება აქვს საკვებ პროდუქტებთან. მისიის შესაბამისად, დირექტორატის საქმიანობის ყველა მიმართულება მიზნად ისახავს ოპტიმალური სტანდარტების დაცვასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფას მთელ კონტინენეტზე.
Did you know?
In 1964, the Committee of Ministers of the Council of Europe declared 5 May Europe Day.
ევროპის საბჭოში გამოსვლისას რომელმა წამყვანმა პოლიტიკოსმა მოუწოდა „ერთიანი ევროპული სახლის“ მშენებლობისკენ?