საჯარო განხილვის აუცილებლობა ჯანდაცვასა და ბიომედიცინასთან დაკავშირებით
ბიომედიცინის სფეროს მიღწევები, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე და ადამიანების ცხოვრებასა და, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი გავლენის გათვალისწინებით, განსხვავებული და გამოცალკევებულია სხვა სახის ტექნიკური თუ ორგანიზაციული ცვლილებებისა და მიღწევებისაგან. მას განსაკუთრებული ზეგავლენა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, ვინაიდან ბიომედიცინის სფეროში არსებული სიახლეები ხშირად წარმოქმნის შეშფოთების საფუძველს ადამიანის ღირსებასთან, ავტონომიასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, სამართლიანობასთან, თანასწორობასთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
იხ. მეტი
ბიომედიცინის სფეროში არსებული მიღწევები ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ სტრატეგიულ მიდგომას, რათა წარმოჩნდეს საზოგადო ღირებულებებთან, მის მიზნებთან და „კარგ ცხოვრებაზე“ არსებულ შეხედულებებთან დაკავშირებული საკითხები. ეს უკანასკნელი მოიცავს კითხვებს, თუ როგორ უნდა განაწილდეს საზოგადებაში ამ მიღწევებით მოპოვებული სარგებელი. მართვის სისტემამ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიით ხელმძღვანელობს, ან მხოლოდ შეზღუდულ ტექნიკურ საკითხებს ითვალისწინებს, როგორიც არის ახალ სამკურნალო მეთოდთან დაკავშირებული რისკი და სარგებელი, ანდა გამოხატავს მხოლოდ არსებულ სურვილებს, შეიძლება ადეკვატური პასუხი ვერ გასცეს ამგვარ გრძელვადიან და ფართო სპექტრის კითხვებს.
ინდივიდების ცხოვრებაზე პოტენციური ზეგავლენიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრები ინფორმირებულები იყვნენ ბიომედიცინის მიღწევების შესახებ და მასთან დაკავშირებით შეეძლოთ თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბება და გამოთქმა. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში, ხოლო ინდივიდებს უვითარებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს საკუთარ ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონმდებლები იცნობდნენ საზოგადოების განსხვავებულ მოსაზრებებსა და ღირებულებებს, რათა შეძლონ მათი გათვალისწინება.
საჯარო განხილვა ხელს უწყობს ჯანდაცვის სფეროში ბიოსამედიცინო მიღწევებისა და ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით დანერგვას.
აღნიშნული მიღწევების ინდივიდებისა და საზოგადოების მომავალზე გრძელვადიანი ზეგავლენის გათვალისწინებით, ის მოითხოვს დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს, როლებიც ეყრდნობა საერთო ღირებულებებს და პატივისცემას გამოხატავს ადამიანის უფლებების მიმართ.