რატომ არის საჯარო განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახლა
სოციალური ურთიერთობების სტრუქტურამ, ადამინების მიერ ინფორმაციის გაზიარების, კოლექტიური შეხედულებების ჩამოყალიბებისა და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებებზე მათი გავლენის მოხდენის ფორმებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ოცდამეერთე საუკუნეში. აღნიშნულში არც თუ მცირე წვლილი ახალი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მიუძღვის, რამაც სოციალური ურთიერთობის ახალი ფორმების ჩამოყალიბება განაპირობა.
რიგ შემთხვევებში მარეგულირებელი გარემო, რომელიც გაითვალისწინებდა შესაძლო რისკებს, ზეგავლენას და საზოგადოებისათვის მოსალოდნელ შედეგებს, ან არ არსებობს ან ფეხს ვერ უწყობს ტექნიკურ განვითარებას. ტექნოლოგიების დიდი ნაწილი უწყვეტად ვითარდება და მივყავართ შედეგებამდე, რომლებიც წინასწარ არ იყო შეფასებული და ნავარაუდები. მათი განსაზღვრა, შესაძლოა, რთული იყოს და ამიტომაც შეიძლება, არსებული რეგულირების ჩარჩოს მიღმა დარჩეს.
იხ. მეტი
ბიომედიცინის მიღწევები, განსაკუთრებით კი ახალი ტექნოლოგიები ხშირად კომპლექსურია, იჭრება სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში და შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად მოიცავს ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას. საკმაოდ ხშირად, თავიდან სარგებელი უფრო მეტად არის თვალსაჩინო, ვიდრე რისკი და არასასურველი თანმხლები მოვლენები, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ზოგჯერ შეუძლებელია. აღნიშნული რისკი და გვერდითი მოვლენები ხშირად მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების შედეგად წარმოჩნდება. დროთა განმავლობაში, როცა შედეგები მკაფიო და ნათელი ხდება, მოვლენების განვითარების კურსის შეცვლა, შესაძლოა, ძალიან დაგვიანებული იყოს.
ბიოსამედიცინო სიახლეებისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა გულისხმობს მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტისა და საზოგადოების ინფორმირების ვალდებულებას ისეთი სახის სიახლეებსა და მიღწევებზე, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებასა და იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასურველი შედეგების მისაღებად, მაგალითად, როგორ და რა ვითარებაში უნდა გამოიყენონ ახალი ტექნოლოგია. საჯარო განხილვას შედეგად შესაძლებელი გახდება იმ ღირებულებებისა და პრინციპების შესწავლა, რომლებიც საფუძვლად უდევს ბიომედიცინის მიღწევებისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას და როდესაც ამ მიღწევების გაუთვალისწინებელი შედეგები წარმოჩნდება, კანონმდებლები უფრო მომზადებული იქნებიან მათზე რეაგირებისთვის.
აშკარა სარგებლის მოტანის მიუხედავად, ციფრულ ინფორმაციაზე მასობრივი წვდომის ეპოქამ, სამწუხაროდ, საზოგადოების ერთგვარი გახლეჩა გამოიწვია. მან ხელი შეუწყო დაუზუსტებელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოების დაყოფას, საკუთარი თავის წარმოჩენაზე დაფუძნებულ გაცხარებულ დისკუსიებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებში, კრიტიკის მიუღებლობას და პირადი აზრის სასარგებლოდ მტკიცებულებებისა და ფაქტების უარყოფას. საჯარო განხილვის მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც განსხვავებული აზრი ერთმანეთს უპირისპირდება და არსებობს მტკიცებულებებისა და ფაქტების წარმოჩენის ხერხებიც, ზემოხსენებული მოვლენების მნიშვნელოვან საპირწონედ გვევლინება.
განსკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინტერესები მხოლოდ მარტივად შეჯამებული საერთო აზრის მიხედვით არ შეფასდეს ისეთ გარემოში, რომელიც აზრთა სხვაობისა საშუალებას არ იძლევა ანგარიშვალდებულებას არ ეფუძნება, როგორიც გახლავთ სოციალური ქსელი. ფართო განხილვის გარეშე არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების აზრი შეუმჩნეველი დარჩება ისე, რომ მათ, შესაძლოა, ვერც კი მოითხოვონ საკუთარი თავის დაცვის გარანტები, რაც მათთვის ადამიანის უფლებებით არის მინიჭებული.
ბიომედიცინის სფეროში ტექნიკური განვითარების პროცესი შესაძლოა სწრაფად წარიმართოს და სირთულეები შეუქმნას ამ სფეროს კანონმდებლებსა და ჯანდაცვის მუშაკებს.
სოციალური ურთიერთქმედების ახალმა პლატფორმამ, შესაძლოა, ცალკეულ იზოლირებულ სოციალურ ჯგუფებში პოლარიზებული კამათი გამოიწვიოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უფრო ფართო და მრავლისმომცველ მსჯელობას იმსახურებენ.
საჯარო განხილვის მხარდაჭერისაკენ მიმართული ძალისხმევის გარეშე საზოგადოების დაუცველი და მარგინალიზებული წევრების აზრი შეიძლება ჩაიხშოს ან ყურადღების მიღმა დარჩეს.
გერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)
სწრაფად განვითარებული გენური ინჟინერიის ტექნოლოგია CRISPR-Cas9 ბიოეთიკური თვალსაზრისით შემაშფოთებლად ცნეს. აქედან გამომდინარე, ეს თემა საჯარო განხილვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საგნად იქცა, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საზოგადოების გათვითცნობიერების ამაღლება იყო, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლო რისკებისა და სარგებლის შეფასება. გერმანია იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, რომელთაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფართო საჯარო განხილვა გამართეს; იხ. გერმანული მაგალითი 2019 წლის ინიციატივის შესახებ „Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs“.