წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის დროს გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებები ძირითადად შეეხებოდა ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა აშკარად არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა ეფექტიან გამოძიებას, რაც 2012 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეო მასალებით გამოვლინდა. ასევე განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში გადადგმული და დაგეგმილი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაბიჯები. თავის ანგარიშში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მიესალმება ციხეებში ფართომასშტაბიან ამნისტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ ციხეების გადატვირთულობის და პატიმართა რაოდენობის ზრდის პრობლემები ვერ იქნება სრულფასოვნად გადაჭრილი ასეთი სახის განსაკუთრებული ზომებით; ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მდგრადი სტრატეგია უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებას. Kკომიტეტმა ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები გლდანისა და ქუთაისის ციხეებზე და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე, განსაკუთრებით, სამედიცინო მომსახურეობაზე ციხეებში.
თავის პასუხში საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა ინფორმაცია ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე, ასევე იმ ზომებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს ციხეების სისტემის რეფორმირებისაკენ. ეს ზომები მოიცავს ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებას, არსებული ციხეების გარემონტებას და ახალი დაწესებულებების აშენებას, აქტივობათა პროგრამების განვითარებას ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ასევე ციხეების თანამშრომელთა უკეთ გადამზადებას. ხელისუფლების პასუხი ასევე მოიცავს ინფორმაციას სასჯელაღსრულების სისტემის 2013-2014 წლების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.