I. საჯარო განხილვის სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის სფეროში
ბიომედიცინის სფეროს განვითარება მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანას პირდება როგორც კონკრეტულ ინდივიდებს, ასევე საზოგადოებასა და მომავალ თაობებს, თუმცა აღნიშნული სარგებლის მიღებისკენ სწრაფვა ხშირად მნიშვნელოვან ეთიკურ თუ სოციალურ გამოწვევას აწყდება. მიღწევები ბიომედიცინის სფეროში შეიძლება ეფუძნებოდეს მეცნიერულად დაუსაბუთებელ და წინააღმდეგობრივ ღირებულებების ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რასაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ბიოსამედიცინო სფეროს მრავალ მიღწევას შეუძლია ძირეულად შეცვალოს სოციალური თუ ეკონომიკური გარემო. მათ ასევე შეუძლიათ ეჭვქვეშ დააყენონ და გარდაქმნან ცხოვრების ჩვეული ნორმები. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ბიომედიცინის სხვადასხვა მიმართულება და მათთან დაკავშირებული რისკები და შესაძლო სარგებელი საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელოვან საგანს.
ევროპის საბჭოს ბიოეთიკის კომიტეტმა (DH-BIO) მოცემული სახელმძღვანელო შეადგინა წევრი სახელმწიფოებისათვის ამ სფეროში საჯარო განხილვების ხელშესაწყობად. სახელმძღვანელოს მიზანია დააკვალიანოს პირები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ საჯარო დისკუსიის ინიცირებაზე ან მის მხარდაჭერაზე და ისინი, ვინც საჯარო განხილვებს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით პასუხობენ. ზემოხსენებულში იგულისხმებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები წევრ სახელმწიფოებში - სამთავრობო მოხელეები, სახელმწიფო ორგანოები, ეთიკის ეროვნული კომიტეტები, საგანანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა შესაბამისი ორგანიზაციები.
იხ. მეტი
გარდა საჯარო დისკუსიის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობისა, სახელმძღვანელო აღწერს მის მნიშვნელობას ბიომედიცინის სფეროს მართვისათვის და ხელს უწყობს მოცემული საკითხისა და ვითარებისათვის შესაბამისი და ეფექტიანი მიდგომის შერჩევას. ყოველივე ამას სახელმძღვანელო აღწევს საჯარო განხილვების მიზეზებზე, მიზნებზე მასში მონაწილე მხარეებსა და მის ფორმებზე საფუძვლიანი მსჯელობის ხელშეწყობითა და გარკვეული წინადადებებისა თუ მოსაზრებების და მაგალითების შეთავაზების გზით. სახელმძღვანელო არ განიხილება როგორც საჯარო დისკუსიის ინსტრუქცია თუ სტანდარტი, არამედ მისი მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო განხილვების წარმართვას ისე, რომ სასარგებლო იყოს მასში მონაწილე მხარეებისთვის, საბოლოო ჯამში კი მთლიანად საზოგადოებისთვის.
მოცემულ სახელმძღვანელოში „საჯარო განხილვის“ კონცეფცია გამოყენებულია, რათა აღიწეროს საზოგადოებრივ სფეროში აზრთა გაზიარება, რაც ცალკეული ინდივიდებსა თუ ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ, შეისწავლონ და გადაწყვიტონ ის საკითხები, რომლებიც პოტენციურად ყოველ მათგანზე ახდენს ზეგავლენას. „განხილვა“ კი აღიქმება, როგორც დროში შეუზღუდავი პროცესი, რომელიც არ გულისხმობს ყოველთვის ყველასათვის სასურველი შედეგის მიღწევას.
არსებობს რიგი განსხვავებული ხერხებისა და მიდგომებისა, რომელთა უმრავლესობაც სოციალური სამეცნიერო კვლევის ანდა პრაქტიკული პოლიტიკის შემუშავების პროცესში განვითარდა. თითოეულ მათგანს გააჩნია უპირატესობები და საზღვრები, რომლებიც მდიდარ და მზარდ სამეცნიერო ლიტერატურაში არის განხილული. მათი უმრავლესობა არსებულ სახელმძღვანელოში მაგალითების სახით არის წარმოდგენილი და შემდგომ უფრო დეტალურად არის დამუშავებული შერჩეულ წყაროებში, რომლებიც დოკუმენტის ბოლოს არის მოცემული.
ადამიანის უფლებებს და ბიომედიცინის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის („ოვიედოს კონვენციის“) მიზანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და იურიდიული კანონმდებლობის დაცვის მხარდაჭერა, ბიოსამედიცინო მეცნიერებებისა და სამედიცინო პრაქტიკის სფეროში. კონვენციის 28-ე მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ საზოგადოების წევრებს მისცენ შესაძლებლობა, რომ სათანადო ანგარიში გაეწიოს მათ აზრს ბიომედიცინის სფეროში. მასში შემდეგია ნათქვამი:
„კონვენციის მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიოლოგიისა და მედიცინის მიღწევები საზოგადოების განსჯის საგანია, განსაკუთრებით შესაბამის სამედიცინო, სოციალურ, ეთიკურ და იურიდიულ სფეროებში და მათი გამოყენების შესაძლებლობა სათანადო განხილვის საგანი უნდა გახდეს.“
საჯარო განხილვის ხელშეწყობის მიზანი, ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლის გათვალისწინებით, შემდეგია:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით ინფორმაციის, აზრთა და შეხედულებათა გაზიარების გზით,
დისკუსიის მხარდაჭერა საზოგადოებაში, მის სხვადასხვა სუბიექტებს, ჯგუფებსა და ინდივიდებს შორის, საზოგადოების მოწყვლადი და არახელსაყრელ პირობებში მყოფი წევრების ჩათვლით,
კონსულტაცია სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეთავაზებული ზომების შეცვლის ან მიღების მიზნით ინიციატორის პასუხიმგებლობის ფარგლებში. კონსულტაცია შეიძლება ღია იყოს საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არაპირდაპირი გზით ეხება ყველას) ან სამიზნე ჯგუფებსა თუ კონკრეტული ინტერესების მქონე ინდივიდებს, მათ ცოდნასა და კვალიფიკაციას. რესპოდენტებისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის თვითონ არჩევა.საზოგადოებასთან, სამიზნე ჯგუფების ჩათვლით, ამგვარად მათი აზრებისა და ინტერესების გათვალისწინება გააზრებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.