თანასწორობის რეპორტიორი

Back მარი ბიწაძე - თანასწორობის რეპორტიორი

მარი ბიწაძე - თანასწორობის რეპორტიორი

გამარჯობა, მე ვარ მარი, 18 წლის, სმენადაქვეითებული. ორი წლის ვიყავი, როდესაც დიაგნოზი დამისვეს. დედა იხსენებს: „იმ დღეს თითქოს დრო გაჩერდა, სამყარო თავდაყირა დადგა. სპეციალისტებმა მირჩიეს - უნდა შეეგუოთ, თქვენც უნდა ისწავლოთ ჟესტების ენა, რომ მისი გესმოდეთ, შეიყვანეთ ყრუ-მუნჯთა სკოლაში“. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დედამ, ბედისწერას დაპირისპირებოდა. დღე და ღამე მავარჯიშებდა, ზღაპრებს მიკითხავდა, ხმამაღლა მიმღეროდა, დასურათებული წიგნებიდან ნახატებს ჭრიდა და თითოეული სიტყვის მნიშვნელობას ასე მიხსნიდა. ნელ-ნელა შევძელი სმენით სიტყვების გარჩევა. მეტყველების განვითარების მიზნით, თბილისის საუკეთესო ლოგოპედებთან მიმიყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ბგერაც ვერ წარმომათქმევინეს. აქაც არ დანებდა დედა. ბევრი კითხვის შემდეგ ქუთაისში ქალბატონი მანანა იპოვა. ჩავალაგეთ ბარგი და წავედით.

მანანა მასწავლებელმა სიყვარულით მიგვიღო, დედა დააიმედა, პირობა მისცა, რომ ლაპარაკს აუცილებლად დამაწყებინებდა. სწავლის პროცესი მარტივი არ იყო. ყოველდღე საათობით მამეცადინებდა, იგონებდა სხვადასხვა თამაშს, რათა ეს ყველაფერი ჩემთვის მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო. მახსოვს მისი უბედნიერესი სახე, როცა პირველი ბგერა წარმოვთქვი. ბგერებს მოჰყვა მარცვლები, მარცვლებს - სიტყვები. ოთხი წლის ვიყავი, როდესაც დედაენას უკვე გამართულად ვკითხულობდი.

სამყაროში უდიდესი მასწავლებელი - რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემნაირი ბავშვების ცხოვრებით ცხოვრობს, მათი წარმატებები აბედნიერებს, უარით არავის ისტუმრებს, იმედის სულ პაწაწინა ნაპერწკალსაც კი ებღაუჭება, მუშაობს კვირის შვიდივე დღეს, გაჭირვებული ოჯახების შვილებს უსასყიდლოდ ამეცადინებს. ის ჩემს მიღწევებს სხვა იმედგადაწურულ მშობლებს აჩვენებდა, აიმედებდა, რომ ბევრი შრომით და ჩართულობით, მათი შვილებიც გახდებოდნენ ჩვეულებრივი ბავშვების თანასწორნი და არწმუნებდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ახლა ვხვდები, როგორ ცდილობდა მანანა მასწავლებელი, რომ ჩემთვის კომპლექსი მოეხსნა. სულ გაშლილ თმას ვატარებდი, სასმენი აპარატი რომ არ გამომჩენოდა. როდესაც სამეცადინოდ ვსხდებოდით, ის თმას გადამიწევდა და მეტყოდა, ასე გაცილებით უფრო გიხდებაო. ერთხელაც მითხრა: „ხომ ხედავ, რამდენი ბავშვი ატარებს სათვალეს? წარმოიდგინე, რა დაემართებათ, თმა რომ ჩამოიფარონ სათვალის დასამალად?“ ეს სურათი რომ წარმოვიდგინე, ბევრი ვიცინე. ამით მან მიმახვედრა, რომ მე არ ვარ გამონაკლისი, სასმენი აპარატის ტარება არ არის სამარცხვინო და დასამალი.

მანანა მასწავლებელმა უამრავი ბავშვი აზიარა ახალ სამყაროს, ბევრ იმედდაკარგულ მშობელს დაანახა მომავალი ვარდისფერი ფერებით.

წელგამართულნი დავბრუნდით თბილისში. შვიდი წლის ასაკში შემიყვანეს ჩვეულებრივ სკოლაში. წელს კი ოცნება ავიხდინე და სტუდენტი გავხდი. პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე. მომავალში მეც მსურს, სხვებს დავეხმარო, რათა საზოგადოების სრულყოფილი წევრები გახდნენ.

თანასწორობის რეპორტიორის კონკურსი ჩატარდა ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
I choose equality logo