„პანდემიის დაწყებიდან მალევე, საავადმყოფოებს სამედიცინო პერსონალის სიმცირე დაეტყო. კოვიდ-პაციენტების რეანიმაციულ განყოფილებაში მე სწორედ ასეთ კრიზისულ მომენტში აღმოვჩნდი. ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მე მაინც გადავწყვიტე, კოლეგებს დავხმარებოდი. ვიცოდი, მხედველობის პრობლემის გამო, სპეციალურ ფარსა და სათვალესაც ვერ გამოვიყენებდი და ჯერ არც აცრილი ვიყავი, რაც ჩემი დაინფიცირების რისკსაც ზრდიდა, თუმცა პაციენტებთან ერთად ვირუსთან გამკლავების ჟინი ყველა პოტენციურ საფრთხეს ფარავდა.
თეთრი ხალათის ჩაცმაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. საყვარელი ბებიის ავადმყოფობის შემყურეს, ადამიანების გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანა მინდოდა. თუმცა, გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, სადაც მე ვცხოვრობდი, გოგოები სკოლის დასრულების მერე სწავლას ნაკლებად აგრძელებდნენ. ამიტომ, მეც მეგონა, ნატვრის ასრულებას ვერ მოვახერხებდი. თუმცა, ჩემი მშობლების ხელშეწყობით, ახლა ჩემი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე ვარ.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის ქართულ სექტორში ვსწავლობდი. ჩემი მშობლები თვლიდნენ და მეც ვეთანხმები, რომ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქართული ენის კარგად ცოდნა პროფესიული თუ პირადი ცხოვრების გზის გაკვალვაში დამეხმარებოდა. ასეც მოხდა. სკოლაში სწავლის პარალელურად, 16 წლის ასაკში, სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე და ექთნის დამხმარედ მუშობა დავიწყე. მასწავლებლები ხელს მიწყობდნენ, თუმცა, ჩემი დატვირთვის შემყურეებს ბოლომდე მაინც არ სჯეროდათ, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებას შევძლებდი. 18 წლის ასაკში მედიცინის ინგლისურენოვან ფაკულტეტზეც მოვხვდი და დღემდე ექთნად მუშაობას ვაგრძელებ.
მე გამიმართლა იმაში, რომ ჩემი ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ. არც სამსახურში და არც სასწავლო დაწესებულებებში არავის უგრძნობინებია, რომ ვინმეზე ნაკლები შესაძლებლობა მაქვს იმის გამო, რომ ეროვნებით ქართველი არ ვარ. თუმცა, ახლა ჩემი ინდოელი ჯგუფელების მაგალითზე ვხედავ, რომ საზოგადოება ადამიანებს წარმომავლობისა თუ სხვა მსგავსი მახასიათებლების გამო გამოარჩევს, რაც არასწორია. როგორ შეიძლება, ადამიანები ასე გავრიყოთ და დავჩაგროთ, მათ შორის, ენის არცოდნის გამო?! ენის სწავლასაც დიდი ხელშეწყობა სჭირდება, რაც, მაგალითად ჩემი რეგიონის ერთ-ერთი გამოწვევაა.
კოვიდ-კლინიკაში მუშაობა რთულია. მძიმე ფიზიკური დატვირთვის, უძილობისა თუ მუშაობის განსაკუთრებული სპეციფიკის გარდა, პაციენტების მდგომარეობის გაუარესების ყურება ძალიან დამთრგუნველია - ხედავ, რომ ადამიანი ვეღარ სუნთქავს, მაგრამ ვერაფერს აკეთებ მის დასახმარებლად. გამოჯანმრთელებული პაციენტის სახლში დაბრუნების ბედნიერებას ვერაფერი გადაწონის. სწორედ ამიტომ, ექიმი რომ გავხდები, მინდა, სართიჭალაში დავბრუნდე და ჩემი სოფლის ხალხის ჯანმრთელობას მივხედო."