ადამიანური ისტორიები

Back დარია სტუკოვა

დარია სტუკოვა

ბევრს დუხობორები ჩაკეტილი საზოგადოება ვგონივართ. არადა, პირიქით, ჩვეულებრივ ვურთიერთობთ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან. არაერთი ქართველი მეგობარი მყავს და არასდროს მიგრძვნია, რომ მათგან განსხვავებული ვარ. მგონია, პირველ რიგში, ეს ჩვენი თანაცხოვრების შედეგია.

ჩვენ გარშემო ცოტა ქართველია, მაგრამ შესანიშნავი და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მათთანაც და ჩვენთან მცხოვრებ სხვა ხალხებთანაც. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, სოფლის საქმეებს ერთად ვაკეთებთ, ერთ სკოლაში დავდივართ, ერთად ვიბადებით და ვიზრდებით. მოკლედ, საკმაოდ, მჭიდრო კავშირი გვაქვს ახლოს მცხოვრებ ხალხებთან. დუხობორების გახსნილობას ისიც ადასტურებს, რომ არადუხობორზე დაქორწინება ჩვენთვის აკრძალული არ არის და ჩემ გარშემო შერეული ოჯახიც ბევრია.

მათ, ვინც ქართულ სკოლაში დავდიოდით, ენის ცოდნის პრობლემა არ გვქონია. რადგან ჩემი მშობლები მასწავლებლები არიან, ჩემი განათლების მიღება და კარიერის შექმნა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. გადავწყვიტე, ენების სწავლას უფრო მეტი დრო დავუთმო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ფილოლოგიის შესწავლა დავიწყე. მაგისტრატურას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გავაგრძელებ. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

სკოლაში სიარული რთული იყო. ზამთარში, ქარბუქში სხვა სოფელში მივდიოდით ფეხით, რადგან იქ იყო უახლოესი სკოლა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემი თემიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ მე ჩავაბარე, რადგან უმრავლესობა არაქართულენოვან სკოლაში სწავლობდა და ქართულ ენაზე გამოცდების ჩაბარება და სწავლა გაუჭირდებოდათ. ძირითადად, ვინც სწავლის გაგრძელებას ახერხებს, სომხეთში ან რუსეთში მიდის.

ჩვენი ტრადიციებით, რომელსაც თითქმის 2 საუკუნეა საქართველოშიც ვინარჩუნებთ, ბოლო დროს ბევრი ადამიანი დაინტერესდა. სხვადასხვა პროექტით ჩამოდიან, ჩვენც გულღიად ვხვდებით და წეს-ჩვეულებებს ვაცნობთ. ეს ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენს სოფლებში ბევრი პრობლემაა, რომელთაც მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით ვერ გადავჭრით: დენი ხშირად ითიშება, გაზი არ გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და რაიონში ან დედაქალაქში ჩამოსვლა ძალიან ძვირი გვიჯდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუმრების მხარდაჭერით მაინც შევძლოთ და გავზარდოთ ცნობადობა ჩვენი თემის საჭიროებების შესახებ.

ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს ჩვენი ტრადიციული სამოსი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. რუსულ მახასიათებლებთან ერთად, მასში ძალიან ბევრი ხალხის ელემენტია თავმოყრილი: უკრაინელების, ბელორუსების და სხვა სლავი ხალხისა. დიახ, ჩვენი სამოსი ძალიან ფერადია. ფერების სიმრავლე სიცოცხლის მიმართ სიყვარულს განასახიერებს. ხშირად, ჩამოსული სტუმრები სალოცავ სახლში საკვირაო შეკრებებსაც ჩვენთან ერთად ესწრებიან, სადაც სწორედ ფერად სამოსში გამოწყობილები დავდივართ და წესებს განსაკუთრებული სიფრთხილით ვიცავთ. ფერადი სამოსი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ნაწილია. ადრე, ქორწილშიც ყველა ტრადიციულად გამოწყობილი მივდიოდით. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ჩვენ გლოვის ნიშნად მუქ ტანსაცმელს არასდროს ვიცვამთ, რადგან ჩვენთვის ადამიანის გარდაცვალება ახალი სიცოცხლის დასაწყისია.

მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. რამდენიმე საუკუნეა, ჩემი ხალხი ასე ცხოვრობს. ყველა ადამიანი თავისი კულტურით, რასით, რელიგიით, ინტერესებით, უნიკალური და თავისუფალი არსებაა. მე არ ვმალავ და, პირიქით, ვამაყობ იმით, რომ ვარ ძველი რუსული ეთნიკური კულტურის წარმომადგენელი და საქართველო ჩემთვის სამშობლოა.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page