ადამიანური ისტორიები

Back დიანა ტევანიანი

დიანა ტევანიანი

"პატარა ვიყავი. მახსოვს, როგორ მომდევდნენ ეზოში ბავშვები და მაძახებდნენშე სომეხო“. ისინი მომდევდნენ, მეც ტირილით გავრბოდი. მაშინ, შიშის მიზეზს ვერ ვაცნობიერებდი. უბრალოდ, ემოციის დონეზე ვგრძნობდი საფრთხეს, რომელსაც ინსტიქტურად ვეცლებოდი.

თავშესაფრად მამას მივაკითხე. მამამ ამიხსნა, რომ ამ ბავშვების დამოკიდებულება და კომუნიკაციის ფორმა არ იყო სწორი, თუმცა არაფერი იყო საწყენი იმაში, რაც მითხრეს - მე მართლაც სომეხი ვიყავი. მაშინ, პირველად გავაცნობიერე, რომ, შესაძლოა, ადამიანებს განსხვავებული ეროვნება გვქონდეს.

თბილისში, ბნელ 90-იანებში დავიბადე. მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში ბევრი ბავშვი ერთად ვთამაშობდით ხოლმე. მსგავსი ტიპისწამოძახებებსიშვიათად, მაგრამ მაინც ვაწყდებოდი.

ქართული ენა პატარაობაშივე ვისწავლე, თუმცა ოჯახში ჩვენი ძირითადი საკომუნიკაციო ენა მაინც რუსული იყო. რუსულ სკოლაში, ჩემთან ერთად, ეთნიკური უმცირესობის ბევრი წარმომადგენელი სწავლობდა. ასეთ მრავალფეროვან გარემოში დისკრიმინაციულ გამოწვევებს ნაკლებად ვხვდებოდი.

უნივერსიტეტში სწავლის წლები ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებასთან ერთად, ქართულენოვან საზოგადოებაში საფუძვლიანად ვინტეგრირდი. ზოგადად, ექსტრავერტი ვარ და ყველას ვუმეგობრდები - მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. იმაშიც გამიმართლა, რომ ჩემ გარშემო თავისუფალმა, შემოქმედებითმა ადამიანებმა მოიყარეს თავი და მათთვის ჩემს გვარს მნიშვნელობა არასდროს ჰქონია.

სულ სხვაა ონლაინ სივრცე, სადაც ბოლო ერთი წელია, ვმოღვაწეობ. აქტიურად ვქმნი კონტენტს ტიკტოკზე და, ასე თუ ისე, სოციალურ მედიაშიც მცნობენ. ამ საქმიანობის პარალელურად, კვლავ გადავაწყდი ისეთ წამოძახებებს, როგორიცააშე სომეხო“ - ამჯერად, კომენტარებში. თითქოს, ეს სიტყვათა შეთანხმება შეურაცხყოფის მატარებელია. ხშირად იგრძნობა ქვეტექსტი, რომ ჩემი ეროვნება დამამცირებელია. ასევე, ქართველები მიმითითებენ ხოლმე, რომ მაინც ვერგავქართველდები“, სომხები კი პირიქით, მსაყვედურობენ, რომ მჭიდრო კავშირი არ მაქვს მათთან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ზრდასრული ვარ და არ მჭირდება ბევრი ფიქრი იმაზე, რომ ასეთი რაღაცები არ მეწყინოს, მაინც რაღაცნაირად ემოციურია. დისკრიმინაციულ ქვეტექსტებსა თუ კომენტარებს ყოველთვის ვერ ვუპასუხებ, თუმცა, ხშირად, ჯანსაღ დისკუსიასაც არ ვერიდები და ვცდილობ, გავფანტო ის არასწორი წინასწარგანწყობები, რასაც ადამიანები ჩემთან კომუნიკაციამდე იქმნიან.

წლების განმავლობაში, თავს ვერც სომეხად და ვერც ქართელად ვერ ვაიდენტიფიცირებდი. ახლა კი ზუსტად ვიაზრებ, რომ ვარ ეთნიკურად სომეხი, თუმცა მენტალურად ქართველი. ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრირებული ვარ, აქაური ცხოვრებით ვცხოვრობ და ურთიერთობაც ქართველებთან მაქვს. ორივე ეროვნება ჩემთვის თანაბრად პატივსაცემი და ღირებულია.

ვერ ვხვდები, რატომ უნდა გვქონდეს სტერეოტიპული განწყობები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ ვიცნობთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის ჩაგვრა, იქნება ეს კანის ფერის, ეროვნების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნით."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page