ადამიანური ისტორიები

Back გოჰარ აღჯოიანი

გოჰარ აღჯოიანი

"ჩემს სოფელში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გოგოებმა არ უნდა ისწავლონ და არ უნდა იმუშაონ. აქ გოგოები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ, რადგან დიდია საზოგადოებრივი წნეხი და ნაკლებადაა ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობები. მეც ამ ნორმებში, ნინოწმინდის სოფელ დიდ არაგიალიში, სომხურენოვან ოჯახში გავიზარდე.

ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ტრენინგზე მოვხვდი - მე ამირჩიეს, რადგან ქართული ენა, ასე თუ ისე, კარგად ვიცოდი. ახლა ქართულს ბევრი სომეხი ახალგაზრდა სწავლობს, თუმცა 5-6 წლის წინ ეს იშვიათობა იყო. მე გამიმართლა და სახელმწიფო ენის სწავლაში ჩემი სკოლის არაჩვეულებრივი მოხალისე მასწავლებელი დამეხმარა. ეს ტრენინგი იყო ჩემი პირველი შეხება არაფორმალურ განათლებასთან. იქამდე სხვა ეროვნების ადამიანებთან კონტაქტიც კი არასდროს მქონია, რადგან ჩემს სოფელში არ იყო არც ერთი ქართველი, ვისთან ურთიერთობასაც შევძლებდი. ამ გარემოებებმა დამსტრესა, თუმცა სწავლის ამ ფორმატით იმდენად მოვიხიბლე, რომ გადავწყვიტე, ამ საქმიანობაში თავადაც ჩავბმულიყავი. მართალია, ამ იდეას დიდად არც ჩემი ოჯახი არც გარშემო საზოგადოება წყალობდა, მაგრამ ჩემი განათლება მამაჩემისთვის მნიშვნელოვანი იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას შემდეგ, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ, ბევრ პროექტში ვარ ჩართული და ვცდილობ, ჩემს თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში საკუთარი წვლილი შევიტანო. პარალელურად ფსიქოლოგის პროფესიასაც ვეუფლები.

მე მინდა, რომ ჩემი თემის წარმომადგენლების დამოკიდებულებები შევცვალო. მინდა, სხვა გოგოებიც დავარწმუნო, რომ თუ ძალიან მოისურვეს და იბრძოლეს, განვითარება და წარმატების მიღწევა მათაც შეუძლიათ. მინდა, შემცირდეს ძალადობა ქალებზე, მოხუცებზე, ცხოველებზე, რაც დღეს ასე აქტუალურია...ხშირად დავდივარ ნინოწმინდაში და ვატარებ ტრენინგებს გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა თუ სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რაც ჩვენი თემისთვის პრობლემურია.

ყველა ეს გამოწვევა ინტეგრაციის პრობლემას უკავშირდება. სომეხი ახალგაზრდები ახლა მეტად სწავლობენ ქართულს, მეტად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი წარმოდგენებიც მეტ-ნაკლებად უკეთესობისკენ შეცვლილია, თუმცა ბევრს მაინც არ სჯერა, რომ აქ უნივერსიტეტის დასრულებას, მუშაობის დაწყებას და განვითარებას შეძლებს. არ სჯერათ, რადგან ამის ბევრი მაგალითი არ არის - ჩემი მიზანიც სწორედ ასეთი მაგალითების შექმნაა. პროფესიული თვალსაზრისით კი ერთი მიზანი მაქვს - მქონდეს ჩემი ორგანიზაცია ჩემს რეგიონში და შევძლო უფასო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page