ადამიანური ისტორიები

Back ნათია და შიამოშრი

ნათია და შიამოშრი

შიამოშრი: "ინდოეთიდან ბათუმში ახალი ჩამოსული ვიყავი და ქართულად ჯერ ვერ ვსაუბრობდი. მეგობრებთან ერთად ავტობუსში ავედი და დავიკარგე - არ ვიცოდი, სასურველი გაჩერება სად იყო. ამ დროს მომიახლოვდა ნათია, რომელმაც დახმარება შემომთავაზა. მერე, ნომრები გავცვალეთ, რათა ერთმანეთს კვლავ დავკავშირებოდით. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ჩვენ ბევრი ვისეირნეთ, ვისაუბრეთ, ერთმანეთი გავიცანით და კარგი მეგობრები გავხდით!
აღმოჩნდა, რომ ორივე ღია ვართ ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა თუ შეხედულებების გასაცნობად. ძალიან საინტერესოა, როცა ერთმანეთს აზრებსა და ცხოვრებისეულ მომენტებს ვუზიარებთ, სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელობთ. ნათია ძალიან გამგები ადამიანია. ნებისმიერ დროს შემიძლია, დავურეკო და ისიც ყოველთვის მზად არის, დამეხმაროს. დროთა განმავლობაში, ნათია ჩემს ემოციურ საყრდენადაც იქცა. ვინაიდან ახლობლებისგან ძალიან შორს ვარ, ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე. როცა მოვიწყენ და ოჯახი მენატრება, ნათია ემოციურად ძალიან მეხმარება."
ნათია: "შიამოშრიმ თავიდანვე ძალიან მეგობრული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, რის გამოც გადავწყვიტე, უკეთ გამეცნო. ზოგადად, მე ძალიან მიყვარს უცხო ადამიანებთან კონტაქტი, განსაკუთრებით, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. ბავშვობიდან არ მიყვარს, როცა ვინმე იჩაგრება. ვცდილობ, თავი ყველას კომფორტულად ვაგრძნობინო, მით უფრო მაშინ, როცა ისინი ჩემს ქვეყანაში ცხოვრობენ.
შიამოშრიმ თავი თავისი გულწრფელობით შემაყვარა. მასთან ძალიან გახსნილი და თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის რთულ მომენტებში ყოველთვის ჩემ გვერდითაა - როცა დედაჩემი საავადმყოფოში იყო, მთელს მედპერსონალს ახსოვს ის კადრი, როცა შიამოშრი ჩემს ჩასახუტებლად და მხარდასაჭერად დერეფანში მორბოდა. ამასთან, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, რომლებთან ერთადაც ვსეირნობთ, სახლში გასართობად ვიკრიბებით... მე ინდურ სამზარეულოს დიდი სიამოვნებით ვაგემოვნებ, შიამოშრის კი ქართული სამზარეულო ძალიან უყვარს - ხინკალზე უარს არასდროს ამბობს. მე მას ქართულს ვასწავლი, ის მე ინგლისურისა და ინდურის ათვისებაში მეხმარება."
შიამოშრი: "სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანების მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი დავინახოთ და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცნოთ. ეს მრავალფეროვნება პიროვნულ ზრდაშიც გვეხმარება. ახალი ადამიანის გაცნობით ბევრს ვსწავლობთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პატივი ვცეთ ერთმანეთის განსხვავებულობას და მივიღოთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ვართ."
ნათია: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არ იყოს ჩარჩოებში მოქცეული. სხვა ქვეყნის ტრადიციების, კულტურისა და ხალხის შესწავლა ხომ ძალიან საინტერესოა! რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენი სამეგობრო, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენი ცხოვრებაც. კარგი ადამიანის აღმოჩენა ყველგან შესაძლებელია. ჩვენ უნდა გავარღვიოთ სტერეოტიპები და ასე ცხოვრებაც უფრო მშვიდი და საინტერესო იქნება."

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page