ადამიანური ისტორიები

Back გიორგი წყაროზია

გიორგი წყაროზია

ჩემთვის ხშირად უკითხავთ: „აზერბაიჯანელებთან როგორ მეგობრობ?“ „პრობლემები არ გექმნება?“ „არ გიჭირს?“, გვიყვება გიორგი წყაროზია, რომლის ოჯახიც პირველი ქართული ოჯახია, რომელიც დმანისის რაიონის სოფელ საფარლოში დასახლდა. ქალაქ დმანისის გარშემო არსებული სოფლების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელია. საფარლოც ერთ-ერთი მათგანია.

გიორგიმ აზერბაიჯანულენოვან სოფელში 11 წელი გაატარა. იგი კარგად იცნობს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დგანან.

„9 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად საფარლოში გადავედი. მანამდე საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჩემ გარშემო სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობდა. უცხო გარემოსთან შეგუება, მით უმეტეს, პატარა ბავშვისთვის, ბუნებრივია, რთულია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობამ ეს პროცესი შემიმსუბუქა.

აზერბაიჯანულენოვან სკოლაში დავდიოდი, სადაც ერთ-ერთ საგნად ქართულსაც ასწავლიან. მგონია, რომ ეს აზერბაიჯანულ სოფლებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. არსებული პროგრამა ძალიან სუსტია - მე-3-დან მე-11 კლასამდე, დაახლოებით, ერთი და იგივე მასალა ისწავლება. არადა, თითქმის ყველა მოსწავლეს აქვს ქართული ენის ცოდნის სურვილი. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და არ უნდათ, რომ ენის არცოდნის გამო სხვადასხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.

ამ კუთხით პრობლემები, ხშირად, აზერბაიჯანელების უფროს თაობას ექმნება. მათ დროს სკოლებში ქართული არ ისწავლებოდა, ამიტომ საუბარი უწევთ რუსულ ენაზე, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებმა არ იციან. ეს პროცესებს ართულებს. იმ ფაქტმა, რომ უფროსი თაობის ნაწილი ქართულად ვერ საუბრობს, არაერთი სტერეოტიპი წარმოშვა. ბევრისგან გამიგია, რომ აზერბაიჯანელები გაუნათლებლები არიან. ეს ასე არ არის. მხოლოდ ქართული ენის ცოდნით არ უნდა განისაზღვროს მათი განათლების დონე.

ამ წინასწარგანწყობებით ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. აზერბაიჯანელებთან ერთად ვიზრდებოდი და ყოველდღიურად ვხედავდი იმ ჩაგვრას, რასაც ისინი განიცდიან. სწორედ ამ და სხვა გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, გარდაბანში ჩემმა თანატოლებმა დააარსეს ორგანიზაციაეისითი (ACT)“, რომელიც გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტერესებს ემსახურება. ვცდილობთ, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი არსებული პრობლემების შესახებ და ამგვარად შევიტანოთ ჩვენი წვლილი მათ აღმოფხვრაში.

ხშირად უკითხავთ, „აზერბაიჯანელებთან მეგობრობა არ გიჭირს?“. მე არ მესმის, რატომ უნდა მიჭირდეს. ყველანი ერთნაირები ვართ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ყველანი ვართ ადამიანები და მხოლოდ ამის შემდეგ ვართ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. კარგია, როდესაც საკუთარი ქვეყანა და კულტურა გიყვარს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ დაშვებით, რომ სხვა შენზე ნაკლებია. მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, მთავარია, ურთიერთპატივისცემა ვისწავლოთ."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page