როცა ქუჩაში მომაძახებენ ხოლმე, „ნახე, ზ---ი“, ვუღიმი, ვუახლოვდები და ქართულად ვეუბნები „გამარჯობა, მე ჯოზეფი მქვია“. პირველი საპასუხო რეაქცია დიდი გაკვირვებაა, შემდეგ წამებში კი ჩემ თვალწინ ინგრევა სტერეოტიპული დამოკიდებულებებისა და წინასწარგანწყობების მთელი კასკადი.
9 წლის წინ როცა საქართველოში ნიგერიიდან ჩამოვედი, ადგილობრივების უმრავლესობას ფერადკანიანი ადამიანი საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა. ქუჩაში სულ ეჭვის თვალით მიყურებდნენ და აინტერესებდათ, ვინ ვიყავი. ამ დროს კი მე ვიყავი ახალგაზრდა, რომელმაც ოჯახი, სამსახური - ყველაფერი დატოვა და საკუთარი თავის საპოვნელად ამ ქვეყანაში საქართველოზე შეყვარებული ახლობლების რეკომენდაციით ჩამოვიდა.
პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო. ქრისტიანი ვარ და ღმერთს ვეხვეწებოდი, ჩემთვის გზა ეჩვენებინა. სწორედ მაშინ შევხვდი არაჩვეულებრივ ქართველ ადამიანს, რომელმაც პირველი სამსახური დასუფთავების სფეროში შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მხოლოდ საარსებოდ და ქირის სახდელად მყოფნიდა, მისი მხარდაჭერა იყო დიდი მოტივაცია, რომ არ დავნებებულიყავი. მას შემდეგ სწავლაც გავაგრძელე, საკომუნიკაციო ქართულიც ვისწავლე და ჩემი მთავარი მოწოდებაც აქ აღმოვაჩინე.
ხშირად გავმხდარვარ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. თითქოს, ადამიანებს თავიანთი უპირატესობის ჩვენება სურთ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი არაჩვეულებრივი ქართველი მეგობრებისა თუ უბრალო გამვლელების მხარდაჭერა, რომლებიც ჩემ გვერდით დგებიან ჩაგვრის წინააღმდეგ.
ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. უბანში ყველა მიცნობს, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. 2-3 კვირა თუ არ გამოვჩნდები, სულ მკითხულობენ, სად დავიკარგე.
ზოგადად, ადამიანებს მარტივად ვუმეგობრდები. ახლა ერთ-ერთ კაფეში ბარმენად ვმუშაობ და სტუმრებს იქაც ძალიან ვუყვარვარ - ესეც ჩემი ხასიათის დამსახურებაა. სანამ ადამიანს მოვემსახურები, სულ ვკითხულობ, როგორ ხასიათზეა, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, თვალებში ვუყურებ და მთელი გულით მინდა, რომ ვასიამოვნო. რეალურად, ჩემს საქმეს ვაკეთებ, თუმცა სტუმრები ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ნიგერიაში პატარა მაღაზია გვქონდა. ბავშვობაში დედას მის მართვაში ვეხმარებოდი ხოლმე და ვიცი, როგორ ვესაუბრო ადამიანებს. ერთი მხრივ, ეს არის ჩემი მოწოდება, რომელიც საქართველოში აღმოვაჩინე. მეორე მხრივ კი, ეს თერაპიაა, რომელიც, თითქოს, მივსებს იმ დანაკლისს, რაც ჩემი ოჯახის მონატრების თანმდევია.
მე თვითონაც წლები დამჭირდა იმისთვის, რომ შემენარჩუნებინა სიმშვიდე და საღად მეპასუხა იმ ჩაგვრისთვის, რასაც ყოველდღიურად ვეჯახები. უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და რაღაცნაირად წინასწარ ვგრძნობ კიდეც, თუ ვინმე ჩემ მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. შესაბამისად, ვცდილობ, თავი ავარიდო მათ. მარტივად ვივიწყებ წყენას, თუმცა, ხანდახან, როცა ოჯახი მენატრება ან რამეს განვიცდი, მიჩნდება სურვილი, ადამიანებს პირადად ვუთხრა, რომ არ შეიძლება, ვინმე ეროვნების გამო დაჩაგრო.
ჩემი მაგალითით სულ ვცდილობ, დავამტკიცო, რომ ყველა ფერადკანიანი კრიმინალი და ცუდი არ არის. პირიქით, ჩვენ გვიყვარს ადამიანები და პატივს ვცემთ მათ, სხვებისგან კი იმავეს მიღების მოლოდინი გვაქვს. ძალიან მიხარია ხოლმე, როცა აქ მცხოვრებ სხვა ნიგერიელებზე კარგ ამბებს ვისმენ. მიხარია, რომ ისინიც იგივე მიზანს ემსახურებიან და ცდილობენ, კარგად წარმოაჩინონ ჩვენი სამშობლო.
რეალისტი ვარ და ვხვდები, რომ რასიზმის აღმოფხვრა ძალიან რთული პროცესია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულებები შევცვალოთ და ადამიანებს მსოფლიოს ჩვენი პერსპექტივიდან დანახვა ვასწავლოთ. ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა ვესაუბროთ, რომ ჩაგვრა ცუდია, არანაირი მნიშნელობა არ აქვს კანის ფერს და ადამიანური ღირებულებებია უპირატესი. რთულია სოფლმხედველობის შეცვლა, თუმცა ცდად აუცილებლად ღირს.
საქართველო რომც დავტოვო, მაინც აუცილებლად დავბრუნდები. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათ გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდება. ხშირად ვმოგზაურობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საოცარ ადგილებს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აფრიკული სამზარეულო ყველაზე საყვარელია, ლობიოსა და კუბდარს მაინც ვერასდროს შეველევი.