ადამიანური ისტორიები

Back მარიამ სადღობელაშვილი

მარიამ სადღობელაშვილი

"პირველად ჩემი „განსხვავებულობა“ მაშინ ვიგრძენი, როცა თბილისში ჩამოვედი და ქუჩაში გამვლელების უცნაური გამოხედვა გამოვცადე. ადამიანები მოდიოდნენ და პირდაპირ, უტაქტოდ მეკითხებოდნენ: „გარეთ როგორ დადიხარ?“, „მშობლები არ გყავს?“

 

მანამდე ზესტაფონში ვცხოვრობდი. იქ არასდროს მიგრძვნია, რომ რამით განვსხვავდები. ადგილობრივები დაბადებიდანვე მიცნობდნენ და იცოდნენ რომ მენჯ-ბარძაყის პრობლემა მქონდა, რის გამოც მხოლოდ ჯოხით გადაადგილება შემეძლო. მათ თვალწინ გაიარა ჩემმა თხუთმეტამდე ოპერაციამ, სიცოცხლისთვის ბრძოლამ და, ალბათ, ჩემს მდგომარეობას ვეღარც ამჩნევდნენ. შესაბამისად, საკუთარ სხეულთან შეუგუებლობა არც მე განმიცდია.

 

სულ სხვანაირია დიდი ქალაქი, სადაც არავინ გიცნობს. ყველაზე ხშირად, ადამიანებს ვეცოდები, რაც ძალიან უსიამოვნოა. ერთი მხრივ, მე ვცდილობ, თავს დავაჯერო, რომ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივად შეუძლია, ცეკვა სიმღერა, ქუჩაში სიარული, რიგში დგომა... პარალელურად კი ადამიანები მოდიან და პირდაპირ მეუბნებიან, თუ როგორი საწყალი ვარ. ძალიან მწყინს, მაგრამ კულტურულად ვპასუხობ, რომ არ არის საჭირო ჩემი შეცოდება.

 

ხანდახან, ადამიანები ჩემ გარეშე წყვეტენ, რომ დახმარება მჭირდება. მესმის, რომ ამ დროს მათაც კეთილი მიზნები ამოძრავებთ, თუმცა მე თავისთავად მიჩნდება უსუსურობის განცდა, რაც ჩემს თავდაჯერებულობაზეც ცუდად აისახება. ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანები მაშინ დამეხმარებიან, როცა ეს მართლა დამჭირდება, მაგრამ ზედმეტი ყურადღება და სიბრალული კვლავ ამყარებს სტერეოტიპს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უსუსურობის შესახებ.

 

წარმოიდგინეთ, ქუჩაში უცხო ადამიანი გაჩერებთ და თქვენი ოჯახის მდგომარეობაზე გესაუბრებათ - უცნაურია, არა? წარმოიდგინეთ, რამდენად უხერხულია, როცა უცნობი ადამიანები ძალიან პირადი შინაარსის კითხვებით მომმართავენ და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას ცდილობენ. განა მე არ მადარდებს ხოლმე, რა აწუხებთ სხვა ადამიანებს?! უბრალოდ, კითხვის ფორმასაც გააჩნია - ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევ, ჩემი ცნობისმოყვარეობით მათი პირადი სივრცე დავარღვიო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ასეთ დროს თავი სხვა ადამიანების ადგილზე წარმოვიდგინოთ და, იქნებ, სულაც აღარ მოგვინდეს ამ კითხვის გაჟღერება.

 

სკოლაში და უნივერსიტეტში გამიმართლა და ბულინგის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, სულ სხვაა ონლაინ სივრცე, სადაც 75 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. ტიკ-ტოკზე მხიარულ ვიდეოებს ვაზიარებ და ბევრ კომპლიმენტსაც ვიღებ, თუმცა, ძირითადად, კვლავ დამცინავ კომენტარებს ვაწყდები. უფრო მეტიც, სოციალური მედიაა ის პირველი სივრცე, სადაც მივხვდი, რომ სახე დეფორმირებული მაქვს - მანამდე ეს არსად არასდროს მიგრძვნია. აქ ჩემს სახეზე იმდენად დიდი აქცენტი კეთდება და იმდენად უხერხულ კითხვებს ვიღებ, რომ გული ძალიან მწყდება. ვცდილობ, ასეთ კომენტარებს არ ვუპასუხო, თუმცა ამ უნარსაც გამომუშავება სჭირდება - ადამიანები ემოციურები ვართ და ყოველთვის ერთნაირი სიმშვიდით ხომ ვერ დავიკვეხნით.

 

მგონია, რომ გარშემომყოფებს ძალიან დიდი როლი აქვთ ყველა იმ კომპლექსის ჩამოყალიბებაში, რაც მე ოდესმე მქონია ან ახლა მაქვს. მე კომფორტში ვარ საკუთარ თავთან და მხოლოდ გამიხარდება, თუ სხვა ადამიანებიც თანასწორუფლებიანად მიმიღებენ. ამისთვის კი ინკლუზიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რასაც ჩემი ბავშვობის გამოცდილებაც მოწმობს. როცა ჩვენ ერთმანეთს მივიღებთ, ერთმანეთის საჭიროებებს კარგად შევისწავლით, თანაარსებობაც უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდება."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page