ადამიანური ისტორიები

Back მარიამ სანოგო

მარიამ სანოგო

კანის ფერის გამო განცდილი გაურკვევლობის ჩემი პირველი გამოცდილება 6-7 წლის მოგონებებს უკავშირდება. ერთხელ, მე და დედა ქუჩაში მივდიოდით, როცა იქვე მდგომმა რამდენიმე ბიჭმა---დამიძახა. მაშინ დედაჩემის რეაქციაზე მივხვდი, რომ რაღაც არასწორი მოხდა.

მახსოვს, როცა 4-5 წლის ასაკში გარემოს აღქმას ვიწყებდი, მარტივად, განსაკუთრებული ემოციების გარეშე შევიმეცნე რომ ჩემ გარშემო ჩემი კანის ფერის მქონე ადამიანები ნაკლებად ცხოვრობენ. მერე, გამიმართლა და მოვხვდი ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩემს განსხვავებულობას არასდროს უსვამდნენ ხაზს. არც ბაღში, არც სკოლაში, არც მუსიკალურ, სპორტულ თუ სხვა წრეებზე, ნეგატიური დამოკიდებულება არავისგან მიგრძვნია.

წრე, რომელშიც მუდმივად ვტრიალებდი, ძალიან განსხვავდებოდა მის მიღმა არსებული დამოკიდებულებებისგან. ქუჩაში მეტი ინტერესი და თვალი იყო - მაკვირდებოდნენ, მაჩერებდნენ, მეფერებოდნენ. ხშირი იყო არასასიამოვნო რეპლიკები, უტაქტო შეკითხვები და აგრესიული ფრაზებიც.

ჩემი პროფესიული სივრცეც გარეთ არსებული სოციუმისგან ძალიან განსხვავდებოდა. 15 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სფეროში მოვხვდი და თამამად ვიტყვი, რომ რასობრივ ნიადაგზე შევიწროების ან დისკრიმინაციის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ. ზოგადად, სამოდელო ბიზნესი გლობალური ბიზნესია, აქ მოღვაწე ადამიანებს მუდმივი კონტაქტი აქვთ უცხოელებთან, განსხვავებული სქესის, წარმომავლობის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა მახასიათებლების მქონე ადამიანთან. შესაბამისად, მათთვის ჩემს კანის ფერსაც არასდროს ჰქონია მნიშვნელობა.

ჩემი აზრით, სწორედ განათლების ნაკლებობა არის ის, რაც საზოგადოებას განსხვავებულის მიღებაში გვიშლის ხელს. მეც ამ სოციუმში გავიზარდე და გლობალიზაციის შედეგად იდენტობის დაკარგვასთან დაკავშირებული წუხილი ჩემთვისაც ძალიან ნაცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის.

ხშირად შემხვედრია მკვეთრად აგრესიული და რასისტული კომენტარები, მერე კი აღმომიჩენია რომ მათი ავტორები ცნობილი შავკანიანი სპორტსმენების, მუსიკოსების, მსახიობების გულშემატკივრები არიან. ბევრი ქართველის საყვარელი მომღერალია ბიონსე ან საყვარელი სპორტსმენია მაიკლ ჯორდანი, მაგრამ, ამავდროულად, მათთვის მიუღებელია შავკანიანი სტუდენტი, რომელიც აქ უკეთესი განათლების მისაღებად ჩამოდის. ჩემთვის ასეთი ადამიანების დამოკიდებულება უფრო საწყენია. ვფიქრობ, რომ განათლების ნაკლებობა არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა, ინფორმაცია კი ყველაზე დიდი იარაღი სტერეოტიპების წინააღმდეგ - როცა ინფორმაცია გაქვს და ბევრ საკითხში ერკვევი, დისკრიმინაციული შეხედულებებისგანაც მარტივად თავისუფლდები.“

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page