ადამიანური ისტორიები

Back ნენე და ავი

ნენე და ავი

"ჩემთვის ადამიანის წარმომავლობა არასდროს ყოფილა ის ბარიერი, რომელიც მასთან კომუნიკაციასა თუ თანაცხოვრებაში ხელს შემიშლიდა", იხსენებს ნენე ჩერქეზიშვილი.
"მე და ავიმ ერთმანეთი ბევრი წლის წინ, ერთ-ერთ ბარში გავიცანით. ის იქ ბარმენად მუშაობდა, მე კი ხშირი სტუმარი ვიყავი. ავი ამბობს, რომ დანახვისთანავე გულში ჩავუვარდი - ჩემმა აქტიურობამ, თავისუფლებამ და მხიარულებამ მოხიბლა.

 

ჩვენი გზები 2 წლის წინ, კვლავ ამ ბარში გადაიკვეთა. ჩვენი ურთიერთობა ფლირტის დონეზე, მარტივ ქართულ ენაზე საუბრით დაიწყო - ხშირად, ონლაინ ლექსიკონებსაც მივმართავდით. როცა მივხვდით, რომ ერთმანეთი უფრო და უფრო გვიყვარდებოდა და მეტი ურთიერთობის სურვილი გვქონდა, ავიმ ქართულის საფუძვლიანად სწავლა გადაწყვიტა, რაც ჩვენი ერთად ყოფნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

 

ავი ძალიან კომფორტული, მარტივი, უკონფლიქტო და კეთილი ადამიანია. ჩვენ ერთნაირი ფასეულობები გვაქვს, რაც მეტად გვაახლოებს. ამასთან, ის ძალიან მხიარულია - სულ ცეკვავს, მუსიკას უსმენს და ცხოვრებას ყოველდღიურად მიხალისებს. იკვეთება ჩვენი კულტურული გამოცდილებაც, რაც ოჯახის სიყვარულსა და პატივისცემას, სტუმართმოყვარეობას, მეგობრებზე ზრუნვას მოიცავს. ავი მშვიდია, მე ფეთქებადი - ერთმანეთს ასე ვაბალანსებთ. შრომას, გარეთ თუ შინ, თანაბრად ვინაწილებთ. ჩვენ ერთად ვართ თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვებისა თუ თავსმოხვეული აკრძალვების გარეშე. ახლა შვილს ველოდებით, რაც ახალი ბედნიერი და საინტერესო გამოცდილების დასაწყისია.

 

როგორც კი ჩვენი ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღეთ, ოჯახიდან დიდ წინააღმდეგობას შევეჩეხე. ყველა საწინააღმდეგო არგუმენტს მიღმა მაინც მისი ეროვნება იმალებოდა. ავი სულ მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ეს მისთვის ნაცნობი გამოცდილებაა, რაზეც არ უნდა მენერვიულა. მაშინ, ყველაზე მეტად ჩემი 16 წლის შვილი დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი მისთვისაც სიურპრიზი იყო, ჩვენ ერთად დავსხედით, ამ გადაწყვეტილების პლუსები/ მინუსები ჩამოვწერეთ და მივხვდით, რომ მე ასე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

 

ყველაზე დიდ აგრესიას მაინც ონლაინ სივრცეში, პირველი ლოქდაუნის დროს გადავაწყდით. ვინაიდან პერსონალური მწვრთნელი ვარ, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და, ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, ლაივ რეჟიმში მევარჯიშა. ვერაფრით დავუშვებდი, რომ საპასუხოდ ამხელა სტრესს მივიღებდი. როცა ვიდეოში ავი ჩემთან ერთად ჩნდებოდა, ძალიან მტკივნეულ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს გვწერდნენ. ყველა ასეთი მცდელობა ჩემი ტირილით მთავრდებოდა. ავი აქაც მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ აგრესიული გამოხმაურებისთვის ყურადღება არ მიმექცია, მათთვის მხოლოდ სიყვარულით მეპასუხა, თუმცა ეს მაინც ისეთი ემოციური სტრესი იყო, რომ ახლა Facebook-ზე ლაივ ვიდეოებს აღარ ვიღებ, ვეღარ ვუმკლავდები, ვეღარ ვუძლებ.

 

ავი ძალიან უყვარს ყველას, ვინც მას იცნობს. თუ მას ადამიანები საკუთარ სივრცეში შეუშვებენ და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას მისცემენ, ავი აუცილებლად დაამტკიცებს, რომ ძალიან კარგი ადამიანია. თუ ადამიანები ერთმანეთს უგებენ, ერთმანეთში პოულობენ იმას, რასაც ეძებენ, რა მნიშვნელობა აქვს მათ ეროვნებასა თუ წარმომავლობას. მათ არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს. სიყვარული ხომ სიყვარულია".

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page