"ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს დროშის ქვეშ ვდგები, რათა მედალი გადმომცენ, მეტირება. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს პატრიოტიზმი - პარასპორტში ჩართვამდე ეს გრძნობა ასე მძაფრად არასდროს განმიცდია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარი მიღწევებით შენი, თანაც ასეთი პატარა ქვეყნის სახელს მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებ.
პარაფარიკაობით სრულიად შემთხვევით, 19 წლის ასაკში, ჩემი მწვრთნელის ინიციატივით დავინტერესდი. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, იქამდე არასდროს წარმომედგინა, რომ, სპორტსმენი ვიქნებოდი - 2 წლის ასაკიდან ფეხის პროთეზის საშუალებით გადავაადგილდები. თანაც, სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის განხრით ვსწავლობდი და მინდოდა, ამ საქმისთვის მიმეხედა. თუმცა, ყველაფერი ხდება. პარაფარიკაობამ ჩემს ცხოვრებას იმდენი რამ შემატა, რომ დღეს უკვე ამ სპორტზე დამოკიდებულიც ვარ.
პარაფარიკაობაში ასპარეზობენ როგორც პროთეზით და ეტლით მოსარგებლე, ასევე ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ადამიანები. იმისთვის, რომ ყველას ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, პარაფარიკაობა ფიქსირებული ეტლების, მხოლოდ წელისა და ხელის მოძრაობის საშუალებით მიმდინარეობს. თავიდან, ეტლში ჩაჯდომის მეც შემეშინდა, თუმცა ვცადე და მივხვდი, რომ ეს ახალი გამოცდილება სულაც არ არის რთული.
ასპარეზობა დავიწყე ბევრი მარცხით, რამაც მოგების დიდი სურვილით დამმუხტა. შედეგად, ჩემი კარიერა ჯამში 36 მედალს ითვლის. ამასთან, ვარ მსოფლიოში საუკეთესო მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელიც.
ახლახანს, როცა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მედალი ჩამოვიტანეთ, მამაჩემის თვალებზე ცრემლები პირველად დავინახე და მივხვდი, რომ მშობლები ჩემით ძალიან ამაყობენ. ზოგადად, ჩემი ოჯახი, მეგობრები და გარშემომყოფები ყოველთვის გვერდში მედგნენ და არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემთვის რაიმე მიუწვდომელია. თუმცა, ვიცნობ ისეთ მშობლებსაც, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დამალვას ცდილობენ, რაც ნამდვილად არ არის სწორი. ქუჩაში გაკვირვებული მზერები მეც მიგრძვნია, შეცოდების გამომხატველი ფრაზები მეც მომისმენია და თავიდან ამაზე ვბრაზობდი კიდეც. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ერთადერთი სწორი გზა ამ ადამიანებთან კომუნიკაციაშია. სახლში ჩაკეტვით ჩვენს სიძლიერეს ვერავის დავანახებთ, მეტი კომუნიკაციით კი, პირიქით, მეტ ადამიანს მივაწვდით სწორ ინფორმაციას ჩვენ შესახებ, რაც გარშემომყოფთა დამოკიდებულებებსაც შეცვლის. ჩვენ, პარასპორტსმენები, ქვეყნის სახელით წარმატების მიღწევის გარდა, ერთ დიდ საქმესაც ვემსახურებით - საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ, შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდეს სხვების მსგავსი შესაძლებლობები, თუმცა ძალიან კარგი და საამაყო შედეგის მიღწევა შეგვიძლია.“