ადამიანური ისტორიები

Back რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე

"ბაპტისტი ხარ? - მკითხა ოსტატმა, რომელიც მინანქარზე მუშაობას მასწავლიდა.

კი - მეც ვუპასუხე.

დიდხნიანი პაუზა იყო. იმ გაკვეთილიდან არ გამოვუგდივარ. შემდეგ გაკვეთილზე რომ მივედი, კარი გამიღო და მითხრა, მე სახლში ვეღარ შემოგიშვებო. უკვე დიდი გოგო ვიყავი. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძვნია და ასე პირისპირ მანამდე არასდროს შევხებივარ დისკრიმინაციას.

როცა ჩემი განსხვავებულობა გავიაზრე, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელ სკოლაში ვსწავლობდი. მაშინ, ჩემი განსხვავებულობა ჩემს ეკლესიას კი არა, უფრო, ზოგადად, რელიგიურობას უკავშირდებოდა. მასწავლებლების საბჭოთა აგიტაციური საუბრების დროს ვხვდებოდი, რომ ჩემს ოჯახში სამყაროზე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ. არადა, მეც, როგორც სხვა ბავშვებს, მასწავლებელი შეუცდომელი ქმნილება მეგონა. აქ მქონდა პირველი გაორება და ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო მართალი. ვიცოდი, რომ მარტო არ ვიყავი, რადგან სააღდგომო კვერცხებს ჩუმად, ჩანთაში სხვა ბავშვებიც მალავდნენ. თუმცა, ისიც ვიცოდი, რომ მათგანაც განვსხვავდებოდი.

ყველაზე მტკივნეული ამბები დაიწყო მაშინ, როცა რელიგიურობა ტელევიზორშიც გამოჩნდა. გადაცემაილუზიონისწინ ეთერი ეთმობოდა მღვდელს, რომელიც განსხვავებულებს, მათ შორის, ბაპტისტურ ეკლესიას ლანძღავდა. ამით ძალიან დავიზაფრე. მეგონა, ყველას, ვინც ეკლესიაში დადიოდა, იგივე დამოკიდებულება ჰქონდა. ეს შიშნარევი განცდა ძალიან მძიმე იყო 15-16 წლის გოგოსთვის. ეკლესიაში წასვლის დროს, ქუჩაში თუ ვინმე შემხვდებოდა, ვამბობდი, რომ ახლობელთან მივდიოდი. არ ვამხელდი, მერე კი მოღალატის განცდა მიჩნდებოდა ღმერთის, ეკლესიის, ოჯახისა და საკუთარი თავის მიმართ. ამას ახლა ვიაზრებ, თორემ მაშინ ვფიქრობდი, რა კარგად გამოვძვერი-მეთქი.

ჩემი სითამამე გაიზარდა მაშინ, როცა ჩემს კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღე და მივხვდი, რატომ ვარ ამ ეკლესიაში. უნივერსიტეტში დამეგობრებულ ახალ ადამიანებს ღიად ვუთხარი, რომ მე ეკლესიაში დავდივარ და ეს ეკლესია არ არის მართლმადიდებლური. ზოგი ჩემთან მეგობრობის ნებართვას საკუთარი მოძღვრისგან იღებდა, ზოგის რეაქცია კი სახის გამომეტყველებითა და პაუზებით მთავრდებოდა. მე გაცილებით უკეთ და თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მყარად დგომა დისკრიმინაციულ გარემოსაც ამცირებს - ადამიანები ხედავენ, რომ თავს არაფერს ახვევ და არც ვინმეზე უპირატესად მიიჩნევ თავს, თუმცა, არც მალავ და არც გრცხვენია.

არცოდნა ქმნის შიშებს. საზოგადოებამ არ იცის, შენგან, როგორც განსხვავებულისგან, რას უნდა ელოდოს. ურთიერთობაში ჩნდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ჩვეულებრივად გიხარია და გწყინს, ბრაზობ და იცინი, რაც ცვლის დამოკიდებულებებს. სწორედ ამიტომ, ინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. დროთა განმავლობაში, ჩემ მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა. ადრე თუ სოციალურ მედიაში მხოლოდ სალანძღავ შეტყობინებებს ვიღებდი, ახლა მსგავსი კომუნიკაცია თითქმის აღარ მაქვს. თუ უცხო ადამიანი მწერს, ვიცი, რაღაც კითხვით უნდა მომმართოს.

ყველა ადამიანში უნდა ვხედავდეთ ღმერთს. თუ მას გვერდში დგომა სჭირდება, უნდა დავეხმაროთ; თუ იგი ხმას ვერ იღებს, მის მაგივრად უნდა ამოვიღოთ ხმა. ამაშია ქრისტიანობაც და ადამიანობაც. ჩვენ - განსხვავებული რელიგიის, წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ შესაძლებლობების ადამიანებიც - ღვთის სახედ და ხატად ვართ შექმნილი და ყველა ეს განსხვავებულობა არის ნიშანი იმისა, რომ ეს ქვეყანა საინტერესოდ და ლამაზად შექმნა ღმერთმა.“

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page