ადამიანური ისტორიები

Back სურაჯ ალიმოვი

სურაჯ ალიმოვი

ცოტა ხნის წინ ბიჭები ვიღაცის არასწორ საქციელს განიხილავდნენ და ერთ-ერთმა „ციგანივით მოიქცაო“, ასეთი ფრაზა წამოისროლა. ვუთხარი, რომ არასწორია, ქცევა ეროვნებას მიაწერო, აგერ, მეც ბოშა ვარ-მეთქი. შერცხვა და სახეზე ფერი შეეცვალა.

ქობულეთში დავიბადე, რამდენიმე წელი აზერბაიჯანში ვიცხოვრე ოჯახთან ერთად და შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდით. კომუნიკაცია არასდროს მიჭირდა, იტალიურ ეზოში გავიზარდეთ, სადაც ბევრი სხვადასხვა ეროვნების ოჯახი შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ბავშვებთან ეზოში თამაშისას ვისწავლე ქართული და სკოლაში უფრო დავხვეწე. კიდევ ხუთი ენა ვიცი - ბოშური, რუსული, აზერბაიჯანული, თურქული და ინგლისური - საბაზისო დონეზე.

ბავშვობაში სტერეოტიპებისგან ყველა თავისუფალი ვიყავით. 16-17 წლის ასაკში შევეჯახე ცუდ განწყობას ჩემი თემის მიმართ - რომ ისინი სხვანაირები არიან და მე მათ არ ვგავდი. ზრდასრულობისას უფრო მეტ ასეთ განწყობას, კანის ფერის მიხედვით ადამიანების დაყოფას შევეჩეხე. როცა ამის შესაძლებლობა მეძლევა, ვცდილობ გავეცნო ამ განწყობის მქონე ადამიანებს, ვესაუბრო და მათი აზრი და დამოკიდებულება შევცვალო. ჩემ მაგალითს ვუზიარებ, რომ მე ბოშა ვარ და სულაც არ ვარ ისეთი, როგორი წარმოდგენაც მათ აქვთ ბოშებზე. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ვსწავლობ, ვმუშაობ, ჩემი პროფესია, საქმიანობა მაქვს და ქვეყნის შენებაში ჩემი წვლილი შემაქვს, თუნდაც ძალიან მცირე. საქარველოს სახელით ბოშების საერთაშორისო კონფერენციაზეც ვიყავი, სადაც ქართულ რეალობაზე და ჩვენს გამწვევებზე ვისაუბრე.

წლების წინ ქობულეთში ნათესავს ვსტუმრობდი, როდესაც სპექტაკლის დადგმას შემთხვევით შევესწარი. ყოველთვის მაინტერესებდა მსახიობობა, თეატრი, შემოქმედება. იქ გავიცანი სკოლის დირექტორი და ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის კოორდინატორი ლელა ცქიტიშვილი. მათ მე-9 კლასის ექსტერნად დამთავრება და სპექტაკლში მონაწილეობა შემომთავაზეს. დავეთანხმე, ატესტატი ავიღე და ჩავირიცხე კოლეჯში ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის პროფესიის დასაუფლებლად. 2016 წელს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამაში ჩავერთე. ამ პროგრამის მხარდაჭერით, დავასრულე პროფესიული კოლეჯი და ექსტერნად დავასრულე მე-12 კლასიც. ახლა ისევ ჩავირიცხე პროფესიულ კოლეჯში, ელექტროობა უნდა ვისწავლო. ქვეპროგრამის მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკებში ლიდერად დავიწყე მუშაობა, სადაც ბოშებთან და ქართველებთან ვმუშაობდი.

კიდევ ბევრი რამის სწავლას და ამით თავის დამკვიდრებას ვაპირებ. სხვა ბოშებთანაც მუდმივად ამაზე ვსაუბრობ და მინდა მათაც დავეხმარო თვითრეალიზებაში. მათ მეტი მისაბაძი მაგალითი, ჩართულობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა ბოშების მიმართ არასწორ განწყობებს გაუმკლავდნენ და მიზანს ბოლომდე მიაღწიონ. ჩემი მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ განათლება არაფერში გამომადგებოდა, თუმცა ჩემი მონდომება რომ დაინახეს, გვერდში დამიდგნენ.

ის, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულები და მრავალფეროვანი ხალხი ვართ, უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას და ისტორიას. ეს ფაქტი კი არ უნდა დავფაროთ, პირიქით, ამ მრავალფეროვნებით უნდა ვიამაყოთ. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, სადაც თავისუფალი ადამიანები უნდა ვცხოვრობდეთ

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page