ადამიანური ისტორიები

Back თინათინ ლატარია

თინათინ ლატარია

ჩემი ისტორია აღმოსავლურ მელოდრამას ჰგავს, რომლის მთავარი გმირი მე ვარ.

 

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემი ინდოელი მეუღლე ერთ-ერთ ბრიტანულ ფორუმზე გავიცანი. მალე, მსოფლიოს ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა გლობალურ საკითხებზე მსჯელობა პირადმა მიმოწერებმა ჩაანაცვლა. რამდენიმე წელი ერთმანეთზე ვიზუალური წარმოდგენაც კი არ გვქონდა. იმდენ რამეზე ვისაუბრეთ და ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ყოველ დილას, თვალის გახელისთანავე, გულისფანცქალით ვამოწმებდი ხოლმე „ინბოქსს“.

 

ვხვდებოდი, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა ჩემ თავს, მაგრამ არ ვაღიარებდი. სტუდენტური ცხოვრება, ახალი ადამიანები, გამოწვევები, იმედგაცრუებები, პირველი სამსახური, დამოუკიდებლობა - ჩვენმა ონლაინ ურთიერთობამ ყველაფერს გაუძლო. შვიდი წლის მერე, ორმა ზრდასრულმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, ცხოვრება ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.

 

 ჩვენი პირველი შეხვედრა აეროპორტში და თბილისში ერთად გატარებული პირველი დღეები იყო ძალიან უჩვეულო - შიშნარევი სიხარული. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ჯვარი დავიწერეთ. ორივეს კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ ეს იქნებოდა ბედნიერებამდე მისასვლელი რთული გზა, წინააღმდეგობებით, სტერეოტიპებით, სიძულვილის ენითა და ქსენოფობიით სავსე... ორივე ოჯახი ძალიან ცივილურად შეხვდა ჩვენს ამბავს, რაშიც ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან, მოგეხსენებათ, როგორც საქართველოში, ასევე ინდოეთში, საზოგადოების ძირითადი ნაწილი ინტერნაციონალურ ოჯახებს სკეპტიკურად უყურებს. ჩემს შემთხვევაში, მშობლების ცნოებიერების ამაღლებაში და „რას იტყვიან მეზობლები/ახლობლები“ დესტიგმატიზაციაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ძმამ, რომელიც ყოველთვის გვგულშემატკივრობდა.

 

ერთმანეთთან შეჩვევის რთულ პერიოდს ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ამძაფრებდა. ახლობლები გაკვირვებულები იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით. ვერაფრით გაერკვნენ იმაში, თუ რატომ დაუკავშირა, მათი თქმით, ასეთმა წარმატებულმა გოგონამ, ბედი აზიური წარმომავლობის ადამიანს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არაერთხელ გავმხდარვართ ჩაგვრის ობიექტები. სახლში მობრუნებული ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ხოლმე. რთული იყო მისი სამსახურის ძიების პროცესიც, რაც მისივე დაუღალავი შრომით გადავლახეთ. დღეს ის ძალიან წარმატებულია თავის საქმეში.

 

ჩვენ უკვე ორი შვილი გვყავს. ახლა მათ ვასწავლით ცხოვრების მთავარ ღირებულებებს და ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ჰუმანურ ადამიანებად. ამ ხნის მანძილზე ჩემი მეუღლის მიმართ უცხო ადამიანების დამოკიდებულებაც საგრძნობლად შეიცვალა. არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ პატივს სცემენ მას ნაცნობები და ახლობლები. მივხვდი, რომ ნეგატივი საკმარისი ცოდნის არქონიდან მოდიოდა. მივხვდი, რომ უკლებლივ ყველა ადამიანში იყო ის პოტენციალი, რომ ეს დამოკიდებულება სიყვარულით შეცვლილიყო.

 

მიუხედავად ბევრი კულტურული თუ რელიგიური განსხვავებისა, ორივე ერს აქვს ბევრი საერთოც. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებსა და კულტურას. ორივეს გვიყვარს მრავალფეროვნება.

 

როცა ჩვენს ისტორიაზე ვფიქრობ, თავი რომანტიულ ზღაპარში მგონია. ძალიან იშვიათად, რომ კაცმა საყვარელი ქალის გამო უარი თქვას ყველასა და ყველაფერზე, თან ისე, რომ მას ამით გამოწვეული სევდა არ აგრძნობინოს. ჩემმა მეუღლემ შეძლო და თავისი მოთმინებით, შრომით, კულტურითა და სიყვარულით გარშემო უამრავ ადამიანს დაანახა, თუ როგორი ძლიერია ჭეშმარიტი გრძნობა. მისი დამსახურებაა, რომ ეს ადამიანები უკვე არ ფიქრობენ, რომ ქართველი ან, თუნდაც, ევროპელი სიძე აზიელს „ჯობს“. არ ფიქრობენ, რომ ფერადი კანი აუცილებლად ნიშნავს განსხვავებულს. არ ფიქრობენ, რომ კულტურათა შერწყმა შეუძლებელია. არ ფიქრობენ, რომ რომელიმე რელიგია უპირატესია და უმცირესობის ჩაგვრა მისაღებია.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page