ეს ჩვენი ისტორიაა

Back ქართველი მუსლიმები

ქართველი მუსლიმები

საზოგადოებამ ნაკლებად თუ იცის ქართველი მუსლიმების შესახებ, რომელთა ნაწილი აჭარაში ცხოვრობს. საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგია, ქრისტიანობის შემდეგ, სწორედ ისლამია. აჭარის რეგიონის ისლამიზაცია ოსმალეთის იმპერიის მიერ საქართველოს პროვინციების დაპყრობას უკავშირდება. საუკუნეების შემდეგ, ამ მხარეში მოსახლეობამ შეინარჩუნა ქართული ენა, ყოფა-ცხოვრების წესები, ტრადიციები, მაგრამ შეიცვალა რელიგიური სურათი - მოსახლეობის უმრავლესობამ ისლამი მიიღო და ამ რელიგიის ერთგული დარჩა.

 

მუსლიმებს საბჭოთა პერიოდში ეკრძალებოდათ რელიგიური რიტუალების შესრულება. რელიგიური ცოდნა ზეპირად გადადიოდა თაობიდან თაობაში. როგორც წესი, საბჭოთა დროს ისინი საიდუმლოდ ლოცულობდნენ და ყველა რიტუალს ჩუმად ასრულდნენ.

 

დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დღეს უკვე ყველა ადამიანს აქვს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება. გიამბობთ რამდენიმე საინტერესო რელიგიურ-კულტურული პრაქტიკის შესახებ.

 

ისლამურ ტრადიციებს ყველაზე მეტად მისდევდნენ მთიანი აჭარის მოსახლეები. ზოგიერთ ტრადიციას ისინი ქრისტიანად მონათვლის შემდეგაც ასრულებენ, რადგან ის მათი კულტურის გამოხატულებაა. გაქრისტიანებული მუსლიმები ინარჩუნებენ უწინდელ რელიგიურ-კულტურულ ტრადიციებსა და ჩვეულებებს. ზოგიერთი რიტუალის შესრულებით კი, ისინი პატივს სცემენ ოჯახის მუსლიმ წევრს.

 

აჭარაში მცხოვრები მუსლიმებისთვის დამახასიათებელია მემთეურობის ტრადიცია. თითოეულ სოფელს აქვს საზაფხულო სახლი და საძოვრები მთაში, რომელსაც ეწოდება იალაღი, ეილა ან იაილა. ზაფხულობით აჭარლები მთაში მიდიან, იქ მიჰყვათ საქონელი და იქ რჩებიან მთელი სეზონის განმავლობაშიც. ძირითადად, მთაში მიდიან მოხუცები და ბავშვები. მთაში ყოფნასთან არის დაკავშირებული შუამთობის დღესასწაული (მთაში ყოფნის შუა პერიოდის აღნიშვნა), რომელიც სახალხო დღესასწაულია. ტრადიციულად, ამ დღეს სოფლიდან ამოდიოდნენ ნათესავები, თანასოფლელები, სტუმრები და ღამისთევით ზეიმობდნენ. ამ ხალხური დღესასწაულით მთის რუტინას არღვევდა მხიარულება, სხვადასხვა თამაშობები, მუსიკა, სტუმრიანობა. „შუამთობას“ აღნიშნავდნენ ყველა მთაზე. დღეს ეს ტრადიცია ნელ-ნელა სუსტდება, რადგან ახალგაზრდები აღარ ატარებენ დიდ დროს მთაში. თუმცა, მემთეურობა, როგორც საქონლისთვის და მეურნეობისთვის ზაფხულის იაილაზე გატარების ტრადიცია კვლავ რჩება აჭარული სოფლის ყოფის განუყოფელ ნაწილად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page