ეს ჩვენი ისტორიაა

Back მაკო საფაროვა

მაკო საფაროვა

დღეს გიამბობთ მაკო საფაროვაზე, ქალზე, რომელმაც თავისი მონდომებითა და გამბედაობით მოახერხა და აირჩია იმ დროისთვის ქალისთვის მიუღებელი პროფესია და XIX საუკუნის 70-იანი წლების ქართული თეატრალური დასის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.

 

„წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისთვისაც ღმერთს მიუმადლებია დიდი ნიჭი. მაგ ნიჭის პატრონი საფაროვის ქალია. ეს ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენი სცენის თვალი იქნება. ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზე უნახავს. ყოველ სიკეთესთან ერთად, ერთი სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელ დროში, როცა ეს ქართული აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის", წერდა ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“.

 

მაკო საფაროვა 1860 წელს, გაღარიბებული ქართველი აზნაურის ოჯახში, თელავში დაიბადა. სამი წლის ასაკში ის აღსაზრდელად ბებიამ, ნინო ჭავჭავაძისამ წაიყვანა. ნინოს მეორე ქმარი, სოლომონ ჭავჭავაძე კახეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მემამულე იყო. მალევე, ჭავჭავაძეების ოჯახი, მაკოსთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სახლში გამართულ წვეულებებზე მაკო სტუმრებისთვის ცეკვავდა და მღეროდა. სტუმრებს შორის კი ხშირად იყვნენ ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი... სწორედ აკაკიმ და რაფიელმა შენიშნეს პირველად გოგონას სამსახიობო მონაცემები. ისინი მოხიბლულები იყვნენ მაკოს არტისტიზმით. როდესაც ილიასა და აკაკის დახმარებით ქართული თეატრალური დასი აღდგა, მაკოს დასის წევრობა შესთავაზეს.

 

იმ დროს, ქალისთვის მსახიობობის არჩევა ბევრ წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული, რადგან მაშინ, ეს პროფესია ქალისთვის ზნეობრივად მიუღებლად ითვლებოდა. „ნათესავებმა ნება მისცეს მას, შესულიყო მომავალ მუდმივ დასში, როგორც პროფესიონალი მსახიობი, მხოლოდ იმ პირობით, თუ იმ დროისთვის გათხოვდებოდა“, ვკითხულობთ პუბლიცისტ გიორგი თუმანიშვილის ჩანაწერში.

 

თუმცა, მაკო მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სცენა არასდროს, არაფრის გამო მიეტოვებინა. მაკომ ამ სფეროში თავისი უანგარო სიყვარული ჩადო და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

 

მსახიობის წარმატებული სასცენო დებიუტი 1878 წელს, მოლიერის პიესაში შედგა. ქალი დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ როლებს, მონაწილეობდა ოპერეტებში. ამ ყველაფერს თავისებურად აკეთებდა, მისი დევიზი იყო: „არავის უსწავლებია, მე თვითონ...“ მაკოს არ სურდა, რომ მის თამაშში მიმბაძველობა დაენახათ. მას უნდოდა, შეექმნა საკუთარი პერსონაჟები: საკუთარი ჟოზეფინა, დეზდემონა, კლოდინა... მსახიობობის გარდა, საფაროვა ქართულ ენაზე თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებსაც.

 

1923 წელს მაკო უკანასკნელად გამოვიდა რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე, კოტე მარჯანიშვილის დადგმულ სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“. მას მალევე მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page