1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR) მიიღო. ამ ინოვაციურმა დოკუმენტმა ადამიანის ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებების საყოველთაო დაცვის მაღალი სტანდარტი დააწესა, და შედეგად, ერების საერთო მიღწევად იქცა.
ორი წლის შემდეგ, 1950 წელს, ახლად შექმნილმა ევროპის საბჭომ - ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უპირობო დაცვას - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) შეიმუშავა. UDHR-ის პრინციპებზე დაყრდნობით, კონვენციამ (ECHR) საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ წესების უნიკალურ სისტემას, არამედ შექმნა ეფექტიანი, კონვენციაზე დაფუძნებული ინსტრუმენტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს უფლებების აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც ასე ვაფასებთ. მსურს ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავჯდომარეობის პრიორიტეტების ფარგლებში, ჩვენ ავსახავთ ადამიანის უფლებათა საკითხებს, მიღწეული პროგრესის გაზიარებითა და არსებულ გამოწვევებზე ფოკუსირებით.