2023 წლის 18-19 მარტს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ევროპული სტანდარტები და ბავშვთა შრომა საქართველოში. გაზიარებული ცოდნა შრომის ინსპექციის თანამშრომლებს დაეხმარებათ ბავშვთა შრომის ეფექტიან ინსპექტირებაში, ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის ცვლილებას და ბავშვთა შრომის ინსპექტირების პოლიტიკის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.
ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა შრომის ინსპექტირების ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკას. დისკუსიის ფარგლებში კი იმსჯელეს ეროვნული რეგულირების და პრაქტიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, არსებულ ხარვეზებზე და პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზებზე. ტრენინგის მსვლელობისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც მოითხოვს მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ქვეყანაში ბავშვთა მძიმე შრომის პრევენციის და ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებისთვის.
ტრენინგს წარუძღვნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი მონიკა სმუშ-კულესზა, სამართლის დოქტორი, მოქმედი მოსამართლე, ლოძის უნივერსიტეტის ლექტორი და ეროვნული კონსულტანტი, - ლელა გვიშიანი, სოციალური უფლებების და შრომის სამართლის ექსპერტი. საერთაშორისო ექსპერტმა დეტალურად მიმოიხილა ბავშვთა შრომასთან და ბავშვთა შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო ეროვნულმა კონსულტანტმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე და საერთაშორისო სტანდარტებთან მის შესაბამისობაზე.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილია.