Back საქართველოს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ: ვენეციის კომისია მხარს უჭერს ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის შეზღუდვასა და საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ: ვენეციის კომისია მხარს უჭერს ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის შეზღუდვასა და საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას „დეოლიგარქიზაციის“ მისაღწევად, კონკრეტულ პირებზე აქცენტირების ნაცვლად, სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.

„ოლიგარქიზაცია“ არის პოლიტიკური მანდატის გარეშე, პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ გამოყენების, ასევე, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგი; მედიის ფლობა ან მასზე გავლენა; მონოპოლისტური თუ არა, გადამწყვეტი გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, სამთო მრეწველობა, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ახალი და ძალიან კომპლექსური საკითხია.

ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ მართალია, უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობა მიიღო, მაგრამ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესთა გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოსა და მოლდოვასაც ჰქონდათ. მას შემდეგ,  საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ზედმიწევნით ეფუძნება უკრაინის კანონმდებლობას. თუმცა, თითოეულ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს.

ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქების გავლენის აღმოფხვრის ან, სულ მცირე, მისი შეზღუდვის მიზანს. თუმცა, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ნებისმიერი ასეთი ზომა უნდა იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი, რაც გულისხმობს თანასწორი პირობების შექმნას საზოგადოების ყველა წევრისათვის.

კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც ექნება პრევენციული ეფექტი და მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა მედია, ანტიმონოპოლიური მოქმედებები, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, გადასახადები, ანტიკორუფციული და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და ა.შ.

ამის სანაცვლოდ, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ე.წ. „ინდივიდუალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა სიმდიდრე და მედიის ფლობა, რათა საჯაროდ მიანიჭონ მას „ოლიგარქის“ სტატუსი და დაუწესონ რიგი შეზღუდვები, რაც მოიცავს პოლიტიკური პარტიების ან აქტივობების დაფინანსების აკრძალვას, საჯარო ქონების პრივატიზაციის აკრძალვას და ა.შ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოტენციურად თვითნებური გამოყენების მაღალ რისკებს, რაც ზიანს მიაყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს.  

კომისიის რეკომენდაციაა, რომ სულ მცირე, პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილება, მთავრობის ნაცვლად, გადაეცეს სხვა ორგანოს, რათა მთავრობას ჩამოერთვას ამ კრიტერიუმთა ფართოდ ინტერპრეტაციისა და გამოყენების დისკრეცია; ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ძლიერი გარანტიები ადამიანის უფლებების, სათანადო სამართალწარმოებისა  დასამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებებისათვის.

ვენეციის კომისიის ეს მოსაზრება შუალედურია, ამ საკითხის შესაძლო გამოსავლების ანალიზის პერსპექტივითა და შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, როცა ისინი ხელმისაწვდომი იქნება.

* * *

მოსაზრება მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

ვენეციის კომისია და საქართველო

სტრასბურგი, საფრანგეთი 14 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page