Back „ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“ - სემინარების ციკლი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის

„ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“ - სემინარების ციკლი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის

2023 წლის 21-23 მარტს და 1 აპრილს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა  სემინარების ციკლი თემაზე - ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში. სემინარი სამი სხვადასხვა ჯგუფისთვის გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის აპარატის და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ევროპის სოციალურ ქარტიასთან დაკავშირებით და მონაწილეებს დაეხმარება გააძლიერონ  ევროპის სოციალური ქარტიის გამოყენება სამართალწარმოების თუ პოლიტიკის ფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური უფლებების დაცვის სტანდარტების დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.

სემინარზე ხაზი გაესვა სოციალური ქარტიის მნიშვნელობას, ქარტიით გათვალისწინებული თითოეული უფლებრივი კატეგორიის სტანდარტებს, ქარტიითა და საქართველოს კანონმდებლობით შრომის/დასაქმების სფეროში დაცული უფლებების საკითხებს (მათ შორის: წვდომა დასაქმებაზე; თანაბარი შრომითი შესაძლებლობები და ანაზღაურება ქალებისა და მამაკაცებისთვის; ექსპლუატაციის აკრძალვა; კოლექტიური შრომითი ურთიერთობები; მშრომელთა დაცვა; გარანტიები დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში). სემინარს უძღვებოდა ევროპის საბჭოს კონსულტანტი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი გიორგი ჩხეიძე.

ტრენინგზე დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული რეგულირების და პრაქტიკის ქარტიის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი, არსებული ხარვეზები და პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზები. ტრენინგის მსვლელობისას რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომელიც მოითხოვს მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ეროვნული რეგულაციების ევროპის სოციალური ქარტიის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილია.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page