Back ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში

ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების  განხორციელება საქართველოში

2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭომ ერთობლივი ონლაინ კონფერენცია გამართეს, სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

კვლევა მიმოიხილავს 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საკანონმდებლო და მართლმსაჯულების განხორციელების ბარიერებსა და წარმოადგენს რეკომენდაციებს ამგვარ დანაშაულებზე კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. კვლევა უნიკალურია თავისი შინაარსით, რადგან ის პირველი ანგარიშია საქართველოში, რომელმაც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურები სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეაფასა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებში ხდება. საკვლევი 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე), სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა. აქედან სექსუალური ძალადობის ჩადენისათვის დამნაშავედ 20 პირი ცნეს, 6 კი სექსუალური ძალადობის ნაწილში გამართლდა. არც ერთ საქმეში, მართლმსაჯულების სისტემამ არ აღიარა სექსუალური ძალადობა, როგორც ქალთა დისკრიმინაციის ფორმა.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სექსუალური ძალადობის დანაშაულის შესახებ დეფინიციები (137-139 მუხლები) არ ემყარება მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს.

საკმაოდ შემზღუდველი და ხისტია სექსუალური ძალადობის შემთხვევებში მტკიცებულებითი სტანდარტი პრაქტიკაში, დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ არის  გამყარებული სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ამგვარი სტანდარტები ეწინაღმდეგება ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების მოთხოვნებს და დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს.

ქალი სასამართლო ექსპერტების ნაკლებობა ხშირად აფერხებს დაზარალებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებას. ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება და დამნაშავე პასუხს არ აგებს. ხოლო სისხლის სამართლის პროცესის დროს, მსხვერპლს ხშირად უსვამენ დამამცირებელ შეკითხვებს, რაც იწვევს მათი ღირსების შელახვას, სანდოობის ეჭქვეშ დაყენებას და შესაძლოა მათი მეორეული ვიქტიმიზაციაც განაპირობოს.  

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“  მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში.

კვლევა ხელმისაწვდომია აქ 

თბილისი, საქართველო 8 დეკემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page