დღეს გასაჯაროებულ წერილში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ოფლაერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს და შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობაზე, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მსუსხავი ეფექტის თაობაზე, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე მომუშავე ორგანიზაციების მუშაობაზე.
“სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არეგულირებს არაკომერციული ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მკაფიო და მიუკერძოებელ სტანდარტებს, მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროებისა. აღვნიშნავ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას მხოლოდ დაფინანსების ნაწილის უცხოური წარმოშობის გამო,” განაცხადა კომისარმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის სთხოვს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ ამ კანონპროექტის მიღებისგან და ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, რათა უზრუნველყონ ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების ლეგიტიმური მუშაობისათვის ხელსაყრელი გარემო.