2005 წელს საქართველომ ევროპის სოციალური ქარტიის 98 პუნქტიდან 63 პუნქტის რატიფიცირება მოახდინა, რაც ნათელი მაგალითია სახელმწიფოს მისწრაფებისა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, 35 მნიშვნელოვანი დებულება, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების შესახებ, ჯერაც არ არის რატიფიცირებული.
ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სოციალური უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, 23-24 აპრილს ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ შეხვედრები მოაწყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა. ევროპის საბჭოს ექსპერტები ასევე შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა ევროპის სოციალური ქარტიის კონკრეტულ მუხლებზე ყოვლისმომცველი ანალიზის ჩატარებას და მათი რატიფიკაციისთვის ქვეყნის მზადყოფნის შეფასებას.
შეხვედრები ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სიღრმისეულად მოესმინათ კონკრეტულ დებულებებთან მიმართებით არსებული პრაქტიკა. მონაწილეებმა ევროპის სოციალური ქარტიის დამატებითი მუხლების რატიფიცირების პროცესში შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.
წარმოდგენილ შეხვედრებთან ერთად ევროპის საბჭოს ექსპერტები არსებულ სამაგიდო კვლევებს გაეცნობიან და შედეგად ევროპის სოციალური ქარტიის შერჩეული დებულებების ანალიზს მოამზადებენ, რაც მათი რატიფიცირების შესაძლებლობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრები ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში, , რომელიც დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმით.