2024 წლის 19-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური კონფერენცია - დატაფესტ თბილისი გაიმართა. უკვე მესამე წელია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარს უჭერს ფესტივალის განხორციელებას. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ე.წ. პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაცია.
სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში, 1200-ზე მეტ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრასა და პრეზენტაციას გენდერულ დინამიკაზე ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენის შესახებ. მონაწილეებისათვის ასევე ჩატარდა ჰაკათონი ტექნოლოგიით განპირობებულ გენდერული ძალადობის (TFGBV) გამოწვევებთან ბრძოლის მიზნით, ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდაზე განსაკუთრებული აქცენტით. გარდა ამისა, ფესტივალზე გამოყოფილ ადამიანის უფლებათა სივრცე-ში, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქციული კითხვარის მეშვეობით შეემოწმებინათ თავიანთი ცოდნა მავნე გენდერული სტერეოტიპების, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსიზმის შესახებ.
გრძელვადიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, ფესტივალის ორგანიზატორებმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს „მხარდამჭერის ჯილდო“ გადასცეს. ამ ჯილდოთი კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩვენს საერთო მისწრაფებას ხელი შევუწყოთ მონაცემებზე ორიენტირებული ინოვაციებს, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიის სფეროებში. „უწყვეტი ჩართულობით, ცოდნის გაზიარებითა და დამწყები ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს ოფისმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მონაცემთა ეკოსისტემის გაძლიერებაში,“ - აღნიშნა ნინო მაჭარაშვილმა, დატაფესტ თბილისი-ს დამფუძნებელმა.
ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.