Back ევროპის საბჭოს ორგანომ GRECO დახურა პარლამენტის წევრების, მოსამართლეების და პროკურორების მიმართ კორუფციის პრევენციის მონიტორინგის მეოთხე რაუნდი

ევროპის საბჭოს ორგანომ GRECO  დახურა პარლამენტის წევრების, მოსამართლეების და პროკურორების მიმართ კორუფციის პრევენციის მონიტორინგის მეოთხე რაუნდი

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ 2016 წლის რეკომენდაციების შესრულების შესახებ  მეოთხე ანგარიშში, დადებითად შეაფასა ნორმატიული ცვლილებები, რომელიც  ადგენს ყველა პროკურორის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. ეს ცვლილებები ორი წლის წინ GRECO-ს ბოლო ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ სიახლეს წარმოადგენს. GRECO-ს გადაწყვეტილებაა დაასრულოს  საქართველოს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ კორუფციის პრევენციას.  (იხ. ანგარიში ფრანგულ და ქართულ ენაზე).

მთლიანობაში, GRECO ასკვნის, რომ საქართველომ დამაკმაყოფილებლად შეასრულა ან დამაკმაყოფილებელი წესით დაარეგულირა 2016 წელს მითითებული 16 რეკომენდაციიდან ცხრა რეკომენდაცია. დარჩენილი რეკომენდაციებიდან ექვსი შესრულდა ნაწილობრივ, ხოლო ერთი, მოსამართლეთა იმუნიტეტის „ფუნქციური იმუნიტეტით“ შეზღუდვის შესახებ, არ შესრულებულა.

პარლამენტის წევრებთან მიმართებით, ხელისუფლებამ მიიღო ზომები პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის გასაძლიერებლად პარლამენტის ვებგვერდისა და პარლამენტის კომიტეტების ვებგვერდების განახლებით, პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმებისა და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით, ასევე პლენარული სხდომებისა და პარლამენტის კომიტეტების სხდომების ჩანაწერების ხელმისაწვდომობით სოციალურ ქსელებში. თუმცა, ზოგიერთ საკითხზე წინსვლა არ შეინიშნება. კანონპროექტების შემუშავების პროცესში ეფექტური და მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი ჩარჩო არ არსებობს, პროგრესი არ შეიმჩნევა კონფიდენციალური რჩევების მიწოდებასა და ეთიკის საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების ქცევის კოდექსის მონიტორინგის მიზნით, და არ არსებობს პარლამენტის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის დაუყოვნებლივ გამჟღავნების ვალდებულება. GRECO მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს შეუსრულებელი რეკომენდაციები პარლამენტის წევრთა კეთილსინდისიერების სისტემის გაძლიერების მიზნით.

რაც შეეხება მოსამართლეებს, GRECO აღნიშნავს დადებით დინამიკას მოსამართლეობის კანდიდატების რაიონული (საქალაქო) სასამართლოების ან სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წლის ვადით ან უვადოდ დანიშვნის პროცესთან და პროცედურასთან, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. ამასთან, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო, რათა მოსამართლეთა დაწინაურების პროცესი სააპელაციო სასამართლოებში შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მერიტოკრატიასთან მიმართებით GRECO-ს რეკომენდაციებს. ასევე, ხელისუფლების ორგანოებისგან მოთხოვნილია, რომ შეზღუდოს მოსამართლეთა იმუნიტეტი, რაც აუცილებელია სამოსამართლო ფუნქციათა განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ფუნქციურ იმუნიტეტს.

რაც შეეხება პროკურორებს, GRECO მიესალმება ყველა რეკომენდაციის შესრულებას და კერძოდ აღნიშნავს, რომ ყველა პროკურორი ექვემდებარება ქონების, ინტერესებისა და ვალდებულებების გამჟღავნების მოთხოვნებს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ GRECO ასრულებს საქართველოს მონიტორინგის მეოთხე რაუნდს,  საქართველოს ხელისუფლებას სურვილისამებრ შეუძლია  GRECO-ს მიაწოდოს ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

GRECO და საქართველო

 

სტრასბურგი, საფრანგეთი 3 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge