Back ევროპის საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ შედეგებს

ევროპის საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ შედეგებს

2023 წლის 28 ნოემბერს თბილისის საკრებულოში გაიმართა პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებამ „მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები საქართველოში - ხედვიდან მოქმედებამდე!“  შესაძლებლობა მისცა  მოქალაქეებსა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეფასებინათ მათ მიერ განხორციელებული ინიციატივების პოზიტიური გავლენა სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების ლოკალიზაციაზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა განიხილა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კარგი პრაქტიკა, ინოვაციური მექანიზმები და შეძენილი გამოცდილება, ასევე ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვის გზები. მოქალაქეებმა ისაუბრეს იმ დადებითი გავლენაზე, რაც პროექტმა მათ ცხოვრებაზე მოახდინა.

ორი პანელური სესიის პარალელურად მოეწყო გამოფენა, სადაც ადგილობრივი საქართველოს 8 რეგიონის, 18 მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  წარმოაჩინეს გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები. გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი მუნიციპალიტეტები: ბოლნისი, ბორჯომი, ჩოხატაური, დმანისი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, თბილისი, წალკა, მარნეული, ონი, ოზურგეთი, წყალტუბო, ზესტაფონი, გორი, თელავი, ახმეტა, რუსთავი და ამბროლაური. აგრეთვე წარმოდგენილი გახლდათ ინოვაციური მეთოდოლოგიები, პუბლიკაციები სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ახალგაზრდების ჩართულობის პრაქტიკები და საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარის“ შედეგები.

დამსწრე საზოგადოებას გახსნითი სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა, მეთიუ მორიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ „ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით ეს ეხება მოწყვლად და ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს, მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ორივე წარმოადგენს სამართლიანი, ერთიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის წინაპირობას.“

ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდერ კარნერმა, აღნიშნა, რომ პროექტის შედეგები შესაბამისობაშია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ღირებულებებთან და რომ „ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული მუნიციპალიტეტებში მარეგულირებელი ჩარჩოებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის ინოვაციური მექანიზმების დანერგვით, როგორიცაა მაგალითად მოქალაქეთა ასამბლეა, და მუნიციპალიტეტებისთვის ანტიდისკრიმინაციული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებით“.

ღონისძიების გახსნით პანელში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტის დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციური განვითარების საკითხები და გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებისა და მრავალდონიანი მმართველობის განვითარებას საქართველოში. დამსწრეებმა  აღნიშნეს ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული პროგრესი და დააფასეს მათი მისწრაფება შექმნან გარემო, სადაც მაღალია მოქალაქეების ჩართულობა და განმტკიცებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ამასთან, მათ აღნიშნეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი ამ პროცესში.

 

პროექტს ერთობლივად ახორციელებდნენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 28 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge