საინფორმაციო კამპანიის „შეცვალე სცენარი - შეასრულე შენი როლი“ ღონისძიებები გაიმართა გორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. კამპანიის მიზანია, წაახალისოს მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ადგილობრივ მოსახლეობას ღონისძიების მსვლელობისას ჰქონდაშესაძლებლობა ჩართულიყვნენ ფორუმთეატრში, რათა შეეცვალათ წარმოდგენის მიმდინარეობა და საბოლოოდ, აქტიური მონაწილეობით გავლენა ექონიათ სცენარის განვითარებაზე. ფორუმთეატრში ჩართულობა დაეხმარა მოქალაქეებს დაენახათ როგორ შეუძლია რეალურ ცხოვრებაში მონაწილეობასა და აქტიურ მოქალაქეობას დადებითი ცვლილებების მოტანა.
გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ დისკუსიებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„თითოეული მოქალაქის მონაწილეობა არის გასაღები იმისთვის, რომ ისეთი გარემო შევქმნათ, როგორიც ჩვენ გვინდა“ - აღნიშნა ოთო გვრიტიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის თანადამფუძნებელმა და მოიყვანა რეალური მაგალითი, თუ როგორ მოახდინა გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა ნაგავსაყრელად გამოყენებული შენობის ტრანსფორმაცია შემოქმედებით-საგანმანათლებლო სივრცედ.
„სათემო პროექტების წარმატება ყოველთვის განპირობებული იყო მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის თანამშრომლობით. სამივე მხარის მიერ საერთო ინტერესების განსაზღვრასა და საერთო სიკეთეებისთვის თანამშრომლობას შეუძლია ყველასთვის ხელშესახები და წარმატებული შედეგების მოტანა“ – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორმა, მარინა კუპატაძემ.
გარდა ფორუმთეატრისა და პანელური დისკუსიებისა, მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს ინოვაციურ სამაგიდე თამაშს - Uchange-ს, რომელიც მოქალაქეებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ეტაპებს აცნობს.
კამპანიის ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში დაგეგმილია ვიზიტი 15 საპილოტე მუნიციპალიტეტში. ფორუმთეატრი უკვე გაიმართა თბილისში, ონში, ამბროლაურში, გორსა და ბორჯომში. ღონისძიებების სერია გაგრძელდება ახმეტაში, თელავში, მარნეულში, ბოლნისში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, თეთრიწყაროში, ზესტაფონში, წყალტუბოსა და რუსთავში.
ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.