Back ევროპის საბჭო იწყებს ახალ პროექტს „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის”

ევროპის საბჭო იწყებს ახალ პროექტს „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის”

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ორგანიზება გაუწია ახალი პროექტის, „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის” ოფიციალურ გახსნას. პროექტის ძირითადი მიზანია მხარი დაუჭიროს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს საქართველოში გაზარდონ იურიდიული დახმარების ეფექტიანობა, ოპერატიულობა და ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიება გახსნეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ლილია გრეტარდსდოტირმა და ამავე განყოფილების სამმართველოს უფროსმა, მაჰირ მუშტეიდზადამ. გახსნაში მონაწილეობა ასევე მიიღეს პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

ორი წლის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის საკანონმდებლო და შიდა ნორმატიული ჩარჩოს რეფორმირებას, მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. პროექტი შეიტანს წვლილს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაშიც და დახმარებას გაუწევს გაფართოებული მანდატით მინიჭებული ფუნქციების შესრულებაში. პროექტი შექმნის ახალ შესაძლებლობებსა და შეიმუშავებს ტრენინგ მოდულებს სამსახურის ახლადშექმნილი სასწავლო ცენტრისთვის. პროექტი იმუშავებს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებთან ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ შორის სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

პროექტი ხელს შეუწყობს საკოორდინაციო შეხვედრებს მოსამართლეებს, ადვოკატებსა და პროკურორებს შორის ევროპის საბჭოს წინა პროექტის, „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ შექმნილი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით პროექტი გააგრძელებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის პოპულარიზაციას რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის და ლატვიის მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 16 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page