Back ევროპის საბჭოს ხარვეზების ანგარიში ბავშვთა დასაცავად სექსუალური ძალადობისგან და ექსპლუატაციისაგან, მათ შორის ონლაინ გარემოში

ევროპის საბჭოს ხარვეზების ანგარიში ბავშვთა დასაცავად სექსუალური ძალადობისგან და ექსპლუატაციისაგან, მათ შორის ონლაინ გარემოში

11 აპრილს  გამართულ კონფერენციაზე ევროპის საბჭომ   საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა, რომლის მიზანია ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციისგან ვირტუალურ და რეალურ გარემოში.

ანგარიშის მომზადებას წინ უძღოდა   შეფასების სამდღიანი ვიზიტი  და გასაუბრებები ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების  და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების გასაანალიზებლად და ხელისუფლების ორგანოების  საჭიროებების დასადგენად.

საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებული მთავარი რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დებულება გაუპატიურების და სხვა სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციის შესახებ უნდა ითვალისწინებდეს ნებაყოფლობით თანხმობას, ლანზაროტეს კონვენციის შესაბამისად; ყველა იმ პირის კრიმინალიზებას, რომელიც ჩართულია (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა პროსტიტუციაში; სექსუალური მიზნებისთვის ბავშვთა გადაბირების ეწ.„გრუმინგი“-ს კრიმინალიზაციას მაშინაც კი, როდესაც აღნიშნულს არ მოსდევს პირისპირ შეხვედრა ან ბავშვის სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის წარმოება.

ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებით საქართველომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა კვლავ არსებობს ხარვეზები  პოლიტიკისა და პრაქტიკის სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.

მოწოდებული რეკომენდაციები ხაზს უსვამს მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე ყველა დაწესებულების ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას. ასევე, ეროვნული რეფერირების მექანიზმის გადახედვის, სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და გზამკვლევების ერთობლივად შემუშავების საჭიროებას ყველა იმ პირის ჩართულობით, ვინც   სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს.

სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია საზოგადოებაში ტაბუდადებულ საკითხად რჩება, რისი  გარღვევა, რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ    ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მუშაობა ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და სპეციალისტებთან და შეთანხმება ერთიან მიდგომაზე, რაც ბავშვებს ონლაინ სივრცით განპირობებული საფრთხეებისგან დაიცავს.   

კონფერენცია ორგანიზებულია  ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ გარემოში“ ფარგლებში.

13 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page