Back საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, ინსტიტუციური რეფორმისკენ მიმართულ ცვლილებებზე შეთანხმდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, ინსტიტუციური რეფორმისკენ მიმართულ ცვლილებებზე შეთანხმდა

ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (შემდგომში ქარტიის) საბჭოს (წარმომადგენლობითი და მმართველი ორგანო) წევრთა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

მრგვალი მაგიდის შეხვედრა, ქარტიის ინსტიტუციური რეფორმის კონტექსტში, კონკრეტულ ცვლილებებზე შეთანხმებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული ცვლილებები,  ქარტიის მომავალი ინსტიტუციური სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს, რომლის მიღებაც 2023 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ეს შეხვედრა, 2023 წლის მაისში გამართული მრგვალი მაგიდის შემდგომი აქტივობა იყო, რომელიც რეფორმის აუცილებლობის შესახებ ზოგადი შეთანხმების მიღწევაზე იყო ორიენტირებული.

ქარტიაში ინსტიტუციური ცვლილებების გატარების აუცილებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს გამოიკვეთა. ისეთი გამოწვევები, როგორიცაა მედია ორგანიზაციების ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქნილობა, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ა.შ. ქარტიის მთავარ პრობლემურ საკითხთა შორის იყო. ევროპის საბჭო, ქარტიასთან ერთად, 2022 წლიდან მუშაობს რეფორმის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრასა და მათი ეტაპობრივი განხორციელების გეგმაზე. თანამშრომლობა ასევე მოიცავს კონკრეტულ ცვლილებებზე ფოკუსირებულ, ევროპული პრესის საბჭოების სამუშაო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არსებულ წინადადებებს. ამ კონტექსტში, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მოამზადეს:

  • ეთიკური ჟურნალისტიკისა და თვითრეგულირების მექანიზმის მიმართ მედიის პროფესიონალებისა და ქარტიის აპლიკანტთა დამოკიდებულების კვლევა (2022 წლის ოქტომბერი). აღნიშნული კვლევა ქარტიის მიმართ არსებული მოლოდინების კარგ დემონსტრირებას წარმოადგენდა;
  • ქარტიის ორგანიზაციული და ფინანსური განვითარების სტრატეგიული გეგმა (2023 წლის აპრილი).
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზაციული განვითარებისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები (2023 წლის აგვისტო).

7 სექტემბერს გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, ქარტიის საბჭოს წევრებმა, ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად, განიხილეს ზემოთაღნიშნული კვლევითი ნაშრომები და შეთანხმდნენ ახალ წესებზე, რომლებიც შეეხება საჩივრების კომისიის შექმნას, გენერალურ ასამბლეასა და საბჭოში გაწევრიანებას, საწევრო გადასახადის დაწესებას, გრძელვადიან პერსპექტივაში საჩივრების კომისიის შემადგენლობასა და საჩივრების განხილვის პროცედურებს.

კითხვა-პასუხის სესიამ დამსწრეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები შემოთავაზებული რეფორმის მოდელებთან დაკავშირებით, შეეფასებინათ მათი შესაბამისობა ქარტიის ამჟამინდელ საჭიროებებსა და ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებთან მიმართებაში. სესიაზე ასევე განიხილეს ქარტიის მზადყოფნის საკითხი, მიჰყვეს და განახორციელოს ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

მოცემული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

თბილისში, საქართველო 7 სექტემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge