ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფმა ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის შესახებ პირველი თემატური სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების პრევენციასა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება ნარკოტიკების მოხმარების პრევენციული ინტერვენციებისა და ღონისძიებების დაგეგმვისას.
გარდა ამისა, ახლად დაწყებული პროექტის „ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის ადგილობრივმა გუნდმა წარმოადგინა პროექტის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი აქტივობების დეტალური გეგმა, რომლებიც 2023 წლის ბოლომდე განხორციელდება საქართველოში.
ღონისძიებები 30 სექტემბერს თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრმა უწყებამ და ინსტიტუციამ მიიღო.