Back ნარკოტიკების პრევენცია ბავშვებში და პრობაციონერ მოზარდებში

ნარკოტიკების პრევენცია ბავშვებში და პრობაციონერ მოზარდებში

ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის პროექტი ’’ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში’’ აგრძელებს სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების პრევენციის მიზნით.

საჭიროებების და არსებული ვითარების შესაფასებლად ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის ექსპერტი კორინა ჯაკომელო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეწვია. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დასაქმებული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ექსპერტული მხარდაჭერა და მათი მუშაობის გაუმჯობესება  ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობაა, რაც გულისხმობს თემატურ შეხვედრებსა და ფოკუს-ჯგუფების ჩატარებას ექსპერტსა და სპეციალისტებს შორის.

სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტი რეფერირების ცენტრის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და მათ პროფესიულ ზედამხედველებს შეხვდა. რეფერირების ცენტრის სპეციალისტები  განსხვავებული საჭიროებისა და გამოწვევების მქონე ორ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს (7-დან 14 წლამდე) მიუღწეველ ბავშვებთან, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, სხვადასხვა ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და 10-დან 18 წლამდე მოზარდებთან, რომელთაც ახასიათებთ სხვადასხვა რისკფაქტორის შემცველი ქცევები და რთულ გარემო პირობებში იმყოფებიან. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს და ცენტრის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ, სხვადასხვა რისკ ფაქტორების მქონე და რთულ გარემო პირობებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია, სოციალიზაცია და მათ მიერ დანაშაულის პრევენციის კოორდინაცია.

ექსპერტის ვიზიტის შედეგად შემუშავდება გზამკვლევი რეფერირების ცენტრის სპეციალისტებისთვის, გაუმჯობესდება შესაბამისი სკრინინგ ინსტრუმენტი, დაიხვეწება სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, იმისათვის, რომ ცენტრის  და პრობაციის სააგენტოს სპეციალისტების მუშაობა გახდეს უფრო ეფექტური, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია მოზარდებთან და მათ მშობლებთან. გარდა ამისა,  ექსპერტი  აღნიშნულ უწყებებს თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და საქმეთა მართვის სისტემის დახვეწაში დაეხმარება.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page