Back ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმისა და შემდგომი გაუმჯობესების საკითხების განხილვის მიზნით

ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმისა და შემდგომი გაუმჯობესების საკითხების განხილვის მიზნით

თბილისი, 24 ნოემბერი 2022 წელი – მსხვერპლთა და სხვა მოწყვლად პირთა უფლებების დაცვა, აღკვეთის ღონისძიების სისტემა და საგამოძიებო მოქმედებები არის ის სფეროები, რომლებსაც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის რეფორმის დროს, აღნიშნეს დღეს თბილისში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩო. მიმდინარე რეფორმა და საკითხები შემდგომი გაუმჯობესებისთვის“. 

ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფრედერიკ დოლტმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ და დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართეს კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკანონმდებლო და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც საჭიროა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი დახვეწისთვის; მათ შორის საკითხები, რომლებიც მოითხოვს ხელისუფლების ეფექტურ ქმედებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხში.

საერთაშორისო ექსპერტებმა წარადგინეს ევროპის საბჭოს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან“ მიმოხილვის ძირითადი დასკვნები. მიმოხილვის თანახმად,  გაუმჯობესებას საჭიროებს შემდგომი საკითხები:

  • სამართლებრივი აქტების შემუშავებისადმი მიდგომა
  • დაზარალებულ და მოწყვლად პირთა ინტერესების დაცვა
  • საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება
  • აღკვეთის ღონისძიების გამოყენება
  • საპროცესო შეთანხმების დადება
  • მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითი პროცესის უზრუნველყოფა
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

 

ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში და ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის მიმართ სისხლის სამართლის სისტემის გაუმჯობესებისა და ეფექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე სისხლის სამართლის პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის გაფართოების პროცესში ასევე მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გათვალისწინებით, არსებითია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თავსებადობა ევროპულ სტანდარტებთან.

ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი: „საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მაღალი ჩართულობა ადასტურებს საქართველოს ინტერესს და მცდელობას, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა ევროპის საუკეთესო მოდელს დაუახლოვოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ შესაბამისი უწყებების ძალისხმევას, რომ გააგრძელონ მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაუმჯობესებაზე, რაც მოიცავს კანონპროექტს სისხლის სამართლის პროცესში გამოძიების და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმებს.

ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე: “მსურს გამოვხატო მადლიერება ევროკავშირის მიმართ ევროპის საბჭოს საქართველოში მუშაობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ სისხლის სამართლის სფეროს სარეფორმო საკითხზე მსჯელობისთვის. სისხლის სამართლის სფერო არის სფერო, სადაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ფარგლებში, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ცვლილებები. ეს ეხება, როგორც მატერიალურ, ასევე საპროცესო სისხლის სამართალს. ამ პერსპექტივიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარი პროფესიული თავყრილობა, იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, მოვისმინოთ ექსპერტთა ხედვა და შეფასებები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა კიდევ უფრო დავაახლოვოთ ევროპულ საკანონმდებლო სივრცეს. „

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები,  საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენცია გაიმართა პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობის II  პროგრამის ფარგლებში  2019-2022 .

24 ნოემბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page