Back ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ევროპის სოციალური ქარტიის საკითხებზე ღონისძიებათა სერია გაიმართა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ევროპის სოციალური ქარტიის საკითხებზე ღონისძიებათა სერია გაიმართა

2005 წელს საქართველომ ევროპის სოციალური ქარტიის 98 პუნქტიდან 63 პუნქტის რატიფიცირება მოახდინა, რაც ნათელი მაგალითია სახელმწიფოს მისწრაფებისა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, 35 მნიშვნელოვანი დებულება, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების შესახებ, ჯერაც არ არის რატიფიცირებული.

ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სოციალური უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, 26-27 ოქტომბერს ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მოაწყო შეხვედრები. წარმოდგენილი სესიები მიზნად ისახავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სოციალურ ქარტიასთან შესაბამისობაში მოყვანაზე მსჯელობას და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას.

ჩატარებული ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრას მიღებულ დებულებებზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას არარატიფიცირებულ დებულებებზე და საინფორმაციო შეხვედრას კოლექტიური საჩივრების პროცედურის შესახებ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები ექვსი სამინისტროდან, პარლამენტიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და სხვა შესაბამისი ინსტიტუტებიდან. შეხვედრების მთავარ მომხსენებლებს წარმოადგენდნენ სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, ტატიანა პუიუ, ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების დეპარტამენტიდან,  კონსტანტინე კოჟოკარიუ და ეროვნული კონსულტანტი, თორნიკე დვალი.

შეხვედრების შემდგომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ  აღნიშნა ევროპის საბჭოს პროექტის მნიშვნელობა სოციალური უფლებების დაცვის წინსვლაში. „ღონისძიებათა სერია ევროპის სოციალურ ქარტიასთან მიმართებაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება სახელმწიფოს მოახდინოს იმის იდენტიფიცირება თუ სად ვართ ახლა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის სტანდარტებს სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით.“

პროფესიული კავშირების გაერთიანების ვიცე პრეზიდენტმა, რაისა ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა ევროპის სოციალური ქარტიის როლს შრომისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფაში. „მისი რეალური  სარგებლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთის მხრივ, საქართველოს მიერ უკვე სავალდებულოდ აღიარებული ნორმების პრაქტიკული იმპლემენტაცია და მეორეს მხრივ,  არააღიარებული მუხლების რატიფიცირება, მათ შორის კოლექტიური საჩივრების მექანიზმის. ეს უკანასკნელი პროფკავშირებს საშუალებას მოგვცემს ქარტიით დაცული უფლებების ყველა კონკრეტულ მნიშვნელოვან დარღვევაზე მოვახდინოთ ეფექტური ანგარიშგება და  რეაგირება".

სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ტატიანა პუიუმ დააფასა საქართველოს პროგრესი და ამავდროულად ხაზი გაუსვა მიუღებელი დებულებების რატიფიკაციის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას. „მე მივესალმები საქართველოს ხელისუფლების, ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და სოციალური პარტნიორების მიერ გაზრდილ ყურადღებას სოციალურ უფლებებსა და ევროპული სოციალური ქარტიის სისტემაზე.  ჩვენ ვხედავთ პროგრესს საქართველოში და ეს სამუშაოები ძალიან ღირებულია“, განაცხადა პუიუმ.

შეხვედრების მეშვეობით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ. ამ მიზნის მისაღწევად კი უწყვეტი თანამშრომლობა და დარჩენილი დებულებების რატიფიცირება განისაზღვრა.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებშიპროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

26-27 ოქტომბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge