2023 წლის 12 დეკემბერს გაიმართა პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ბოლო მმართველი კომიტეტის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო წარსული მიღწევების განხილვა და ახალი პროექტის გეგმის გაზიარება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზე ფოკუსირებით და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა პროექტის მენეჯერმა სეგოლენ ჩესნაუმ, რომელმაც ხაზი გაუსვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა მათ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და შეახსენა ევროპის საბჭოს მზადყოფნა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა.
მისასალმებელ სიტყვაში ელისო შონიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, აღნიშნა: „ევროპის საბჭო ჩვენი ერთგული პარტნიორია წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც სამწუხაროდ ისევ რჩება გამოწვევად, მიუხედავად ყველა იმ პროგრესისა, რომელიც მიღწეულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ეს პროექტი იყო ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობის მაგალითი, რამაც ხელი შეუწყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესაძლებლობების გაძლიერებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას“.
პროექტის უფროსმა ოფიცერმა მარიამ ჯაჯანიძემ წარმოადგინა აქტივობები, რომლებიც განხორციელდა მიმდინარე წლის განმავლობაში. მან ისაუბრა განხორციელებული ინიციატივების წარმატებებზე და ხაზი გაუსვა ერთობლივ ძალისხმევის მნიშვნელობას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში. წარსული აქტივობები მოიცავდა ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებს და პოლიტიკის ადვოკატირებას, რომლებმაც ერთობლივად შეუწყო ხელი სტამბოლის კონვენციის 4 სვეტის გაძლიერებას: ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა დევნა და კოორდინირებული პოლიტიკის ინტეგრაცია.
„ამ პროექტს აქვს გავლენა იმ სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელიც წარმატებისათვის აუცილებელია - გამართული კანონმდებლობა, ქმედითი ინსტრუმენტები და კვალიფიციური პროფესიონალები. ამ სამივე მიმართულებით ეს პროექტი მუშაობს და მუშაობს კარგად. არასდროს მიღწეული საკმარისი არ არის, არასდროს განათლება ზედმეტი არ არსებობს, და ამდენად პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით კვლავ გვაქვს თანამშრომლობის მზაობაც და სურვილიც“, განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.
მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალი პროექტის ძირითად მიმართულებებს, რომლებიც შემდგომში ორმხრივად განიხილება ყველა პარტნიორ ინსტიტუტთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია მეტი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება და მიხარია რომ ამ მიმართულებით გააგრძელებთ მუშაობას. ძალიან კარგი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მოგვეცემა შესაძლებლობა უფრო აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ აქტივობებში“, აღნიშნა ფატი ჩაფიჩაძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ანალიტიკოსმა.
მმართველი კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს ნდობა ახალი პროექტის ცვლილებების მომტანი პოტენციალის მიმართ. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კოლექტიური მოქმედების მნიშვნელობას ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც აღმოიფხვრება ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ მიზანი, არამედ რეალობა გახდება.
შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“-ს ფარგლებში.