ევროპული სტანდარტები, მექანიზმები და საუკეთესო პრაქტიკა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით - სწორედ ამ საკითხებზე გამართეს დისკუსიები ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სტრასბურგში ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში.
მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს ევროპის საბჭოს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებთან, მათ შორის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, ბავშვთა უფლებებისა და ლგბტი პირთა უფლებების საკითხებზე. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტებს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის წარმომადგენლებს.
„სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს აღნიშნულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაში (სტამბოლის კონვენცია), რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე საქართველოცაა,“ განაცხადა ადამიანის ღირსებისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რობერტო ოლამ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიგენდერული ნარატივებისა და მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სამუშაო შეხვედრას დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველი პრაქტიკული ინსტრუმენტები და სტრატეგიები, ასევე ადვოკატირების გაძლიერების გზები, მათ შორის სტამბოლის კონვენციის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. დისკუსიები შეეხო ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აქტივისტები ხშირად დგებიან. გარდა ამისა, მონაწილეებმა კრიზისების მართვის ტექნიკები და ადვოკატირების გაძლიერების ერთობლივი მიდგომები განიხილეს.
ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.