2023 წლის 5-7 სექტემბერს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა ტრენინგ კურსი სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამოქმედოდ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარატივების მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კურსის მიზანი იყო ტრენერების, კომუნიკაციის ექსპერტების და სხვა დაინტერესებული მხარეების კომპეტენციების განვითარება, რათა მათ შეეძლოთ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარატივების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია სიძულვილის ენის წინააღმდეგ. სასწავლო კურსი ეფუძნება სამი ინსტრუმენტის კომპლექტს, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება:
- გაანალიზონ სიძულვილის ენა, რათა შეუსაბამონ პროპორციული პასუხი/რეაგირება;
- შეიმუშავონ ადამიანის უფლებაზე დაფუძნებული ნარატივები;
- შეიმუშავონ ეფექტური საკომუნიკაციო გეგმა საპირისპირო ან/და ალტერნატიული ნარატივების კამპანიებისთვის.
ტრენინგის ფარგლებში გამოყენებული იყო ევროპის საბჭოს პრაქტიკაზე დაფუძნებული ადამინის უფლებათა სწავლების მეთოდები, რომლებიც წარმოდგენილია შემდეგ სახელმძღვანელოებში: ,,ჩვენ შეგვიძლია! სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედება საპირისპირო და ალტერნატიული ნარატივებით“ და „ბუქმარქსი - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებათა სწავლების გზით ონლაინ სიძულვილის ენასთან ბრძოლისათვის“. მონაწილეები, ასევე, გაეცვნენ ინსტრუმენტთა კრებულს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ენის/მეტყველების შესახებ, რომელიც მომზადდა ალტერნატიული/საპირისპირო ნარატივების შესახებ ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CM/Rec(2022)16. აღნიშნული რეკომენდაცია წევრ ქვეყნებს სთავაზობს კონკრეტულ მიდგომებს და ზომებს, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენის შემთხვევებზე რეაგირებისას, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი მიდგომის გათვალისწინებით.
პროექტი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” განაგრძობს ევროპის საბჭოს და საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაციას თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ხელშეწყობის, ასევე, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის ფარგლებში.