Back თბილისში გაიმართა საერთაშორისო სემინარი - „მშობლების როლი ნარკოტიკების პრევენციაში“

თბილისში გაიმართა საერთაშორისო სემინარი - „მშობლების როლი ნარკოტიკების პრევენციაში“

მშობლების როლი ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენციაში და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა მრავალი საკითხებიდან ერთ-ერთს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების, ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და მშობლებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ორდღიან საერთაშორისო სემინარზე „მშობლების როლი ნარკოტიკების პრევენციაში“.

სემინარი ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის პროექტის - „ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“, ფარგლებში 19-20 აპრილს ჩატარდა.

პომპიდუ ჯგუფის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილემ - თომას კატაუმ, სამდივნოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ისლანდიიდან და ისრაელიდან სემინარის ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო პრაქტიკა ისეთ თემებზე, როგორიცაა მშობლების როლი ნარკოტიკების პრევენციაში, სკოლაში ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა, სხვადასხვა ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენცია სამუშაო ადგილზე (გამოცდილება ისრაელიდან), გარემოზე დაფუძნებული პრევენცია ისლანდიაში, დაინტერესებული მხარეების გაუმჯობესებული თანამშრომლობა და ახალი კონცეფციების დანერგვა ცვლილებების მენეჯმენტის გზით.

ნინი ჩიქოვანქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი და გამომცემლობა „ცნობისმოყვარე პანდას“ წარმომადგენელია. მან გაგვიზიარა მოსაზრებები სემინართან დაკავშირებით: „პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გარდა იმ ადამიანებისა ვინც პირდაპირ არის ჩართული ამ თემის პოპულარიზაციაში საქართველოში, კონფერენციაზე მოგვიწვიეთ ჩვენ, მცირე ბიზენსის წარმომადგენლები, ვისაც ასევე, ირიბად, მაგრამ ძალიან კარგად შეუძლიათ იქონიონ გავლენა ამ საკითხზე საზოგადოებაში. ამ კონფერენციამ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი იყოს გაერთიანებული ამ პრობლემის წინაააღმდეგ და შეიტანოს თავისი წვლილი, რაც ჯამში ბევრად უფრო ეფექტურად შეცვლის ჯამურ სურათს. ამ კონფერენციამ გამიჩინა სურვილი, რომ უკვე დავიწყოთ სხვადასხვა აქტივობები და ინიციატივები. მადლობა ამისათვის.

გიორგი თოფურიამ, რომელიც საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკების სუპერვაიზორია, ასევე გაგვიზიარა მისი შთაბეჭდილებები: „ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ასეთი აქტუალურია და არაერთ გამოწვევას ვაწყდებით პრაქტიკულ საქმიანობაში. ჩატარებულმა ორდღიანმა შეხვედრამ შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი განვითარებული ქვეყნის მაგალითებს სადაც უკვე განხორციელდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და შესაძლებლობა გვაქვს დავაკვირდეთ მეთოდებს რომელმაც ქმედითი შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, ამ ქვეყნების წარმატებული მაგალითები დამეხმარება სხვა რაკურსით შევხედო საკითხს და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით დავგეგმო შემდგომი პრევენციული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება არამხოლოდ ჩვენი უშუალო ბენეფიციარებისკენ არამედ მათი ოჯახებისა და სხვა ჩართული პირებისკენ.“

ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის პროექტი მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს მშობლების როლის გაძლიერებას ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენციის მიმართულებით.

20 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page