Back პროკურორებმა და გამომძიებლებმა აიმაღლეს ცოდნა კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ინფორმაციის შეგროვების შესახებ

პროკურორებმა და გამომძიებლებმა აიმაღლეს ცოდნა კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ინფორმაციის შეგროვების შესახებ

ევროპის საბჭომ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით და ევროპის საბჭოს ექსპერტების დისტანციური მონაწილეობით, ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი „ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციის შეგროვება“. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები.

შესაბამისი სტანდარტებისა და პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით ქართველმა გამომძიებლებმა და პროკურორებმა განიხილეს ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებები, როგორებიცაა კონტროლირებადი მიწოდება, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმატორის გამოყენება.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო ფინანსური ინფორმაციის შეგროვებასა და ფინანსური დაზვერვის სამსახურის მიერ მის ანალიზს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას ეკონომიკური დანაშაულების ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში.

მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული კაზუსები, სადაც ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაზე დამყარებულ ფულის გათეთრების შემთხვევებზე.  MONEYVAL-ის მე-5 რაუნდის ურთიერთშეფასების ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გააუმჯობესონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გაგება პრედიკატული დანაშაულიდან წარმოშობილი ქონების შემდგომი ანალიზისა და შეფასების გზით. ანგარიში, ასევე, მოუწოდებს მხარეს უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს ვაჭრობაზე დაფუძნებული ფულის გათეთრების საფრთხეებზე.  აღნიშნული ტრენინგი დაეხმარა მონაწილეებს გაეანალიზებინათ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ჩარჩოს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე საერთაშორისო და უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ტრენინგის შედეგად საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უკეთესად არიან აღჭურვილნი სათანადოდ გამოიყენონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები კანონის უზენაესობის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით.

ეს ღონისძიება წარმოადგენს იმ აქტივობების სერიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას კორუფციის, ფულის გათეთრებისა, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა ეკონომიური დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის მიმართულებით,

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

14-15 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page